პრემიერ-მინისტრმა „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლა
ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ზეიმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, - პრემიერ-მინისტრმა მეუღლესა და შვილებთან ერთად „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი უსურვა.
„ჩვენ, სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე ვალდებული ვართ, ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. დღეს არის ძალიან ლამაზი დღე - მე ვხვდები "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და ვხედავთ, რომ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენ შევძელით მათი დახმარება და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ეს არის ძალიან კარგი საქმე და, როგორც ჩვენ უკვე ვამბობთ, სიკეთე გადამდებია. ფონდში 3 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა და 112 ბავშვის დაფინანსება მოვახერხეთ, რომელთა ნახევარს საზღვარგარეთ უმკურნალეს. მადლობა ღმერთს, ეს ბავშვები ყველანი იქნებიან ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობაში მონაწილეობს.
„ბზიკების“ კონცერტი, სახეზე ხატვა, სახალისო ფოკუსები და გართობა მულტფილმის გმირებთან ერთად, ზეიმის შემადგენელი ნაწილები იყო.
ბავშვებს პრემიერ-მინისტრისგან საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.
პატარებმა და მათმა მშობლებმა, პრემიერთან, მის მეუღლესა და შვილებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
კომენტარი