ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ცოლი რუსეთში ქონების მფლობელია
რა ქონებას ფლობს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი - "ოცნების" დამფუძნებელმა 2024 წლის 4 ოქტომბერს როგროც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, დეკლარაცია შეავსო.
დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.
ამ დეკლარაციაში ივანიშვილმა დაადასტურა, რომ დიდძალი უძრავი ქონების მფლობელია. ასევე, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ დაადასტურა 'შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსეთში ქონებას ფლობს.
დეკლარაციის მიხედვით, მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში ჯამში 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი სამი მიწის ნაკვეთიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცოლს ეკუთვნის. მასზეა რეგისტრირებული 614 კვადრატული მეტრის ზომის სავრასოვის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის 50 პროცენტი.
ეკატერინა ხვედელიძე ქონებას ფლობს საფრანგეთშის, საუბარია ლა-სელ-სენ-კლუში 1935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთსა და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლს.
ქონება საქართველოში
ივანიშვილის და მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზეა რეგისტრირებული 20-მდე მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში და ამავე სოფელში ოთხი საცხოვრებელი სახლი. ჯამში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 180 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, რაც რამდენჯერმე აღემატება დინამოს სტადიონს. ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ საირხეში 5,6 ათასი კვადრატული მეტი მიწა.
ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკუთვნის 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საგურამოში, თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე 116 კვადრატული მეტრის ზომის ბინისა და სარდაფის ნაწილი.
რაც შეეხება თბილისში, სოლოლაკში 14 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სპორტულ და დამხმარე ფართებს, ის არც უშუალოდ ივანიშვილისა და არც მისი ცოლის - ხვედელიძის სახელზეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწა შენობა-ნაგებობიანად ეკუთვნის შპს „ფინსერვისი- XXI“-ს, ივანიშვილს კი მისგან აქვს ფართი დაქირავებული. ამ კომპანიის მფლობელი კომპანია საქართველოში არ არის რეგისტრირებული.
კომენტარი