სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა

11. 06. 2014 – ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO - Initial Public Offering) განხორციელდა.
ამ ნაბიჯით, თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟაზე მსოფლიოში.
თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDRs) სახით განთავსდა, Bank of New York Mellon-ის დახმარებით. შეთავაზება განხორციელდა Barclays Bank PLC და UBS საინვესტიციო ბანკების მონაწილეობით, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც ერთობლივი გლობალური კოორდინატორები და ერთობლივი ბუკრანერები. შეთავაზებაში Renaissance Capital საინვესტიციო ბანკი მოქმედებდა როგორც ერთობლივი ბუკრანერი და ბროკერი Peel Hunt - როგორც თანა-მენეჯერი.
ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზაქცია - თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.
განთავსებული აქციების ღირებულების მიხედვით მიხედვით, თიბისი ბანკის IPO არის ყველაზე დიდი ინდექს-გარეშე საერთაშორისო შეთავაზება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ, თიბისი ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც დაეხმარება ბანკს გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამასთან, თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.

აქციების განთავსების შედეგად მოზიდული თანხით თიბისი ბანკი გეგმავს, უფრო აქტიურად დააფინანსოს საბანკო სექტორის ისეთი მზარდი სეგმენტები, როგორიცაა საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესი.
„ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს, ამასთან, აქციების განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს პროცესები საერთაშორისო კომპანიების დონის შესაბამისად და დავნერგოთ კორპორაციული მართვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. რაც მთავარია, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ამ წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
შენიშვნა:
წინამდებარე დოკუმენტი არ წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების შეთავაზებას ან რეკლამას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100