სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო თურქეთთან მოლაპარაკებებში კავკასიისგან ევროკავშირის მსგავსი ბლოკის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთს სამხრეთ-კავკასიის გაერთიანების საქმეში დახმარებისკენ მოუწოდა, მაგრამ მის ქვეყანას ალიანსში რუსეთის და ირანის მონაწილეობა არ სურს. ””ერთიანი კავკასიის” შექმნა ჩემი მისწრაფებაა” – უთხრა შაბათს თბილისში მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს მიხეილ სააკაშვილმა იმ მოლაპარაკებებზე, რომლის დროსაც კავშირის შექმნის კონცეფცია განიხილებოდა, იუწყებოდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა რეგიონში „ღია საზღვრების“ კონცეფციისადმი რწმენა გამოსთქვა და განაცხადა რომ ამ იდეას უკვე განიხილავს აზერბაიჯანული და სომხური მხარე. საქართველოს პრეზიდენტმა ანალოგიური პროექტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შარშან საქართველოში ვიზიტის დროს შესთავაზა, მაგრამ ექსპერტები მისი რეალიზაციის პერსპექტივას ფაქტობრივად ვერ ხედავდნენ.

სამხრეთ-კავკასიის სამმა ქვეყანამ მეფის რუსეთში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ფედერაცია დააფუძნა, მაგრამ კავშირი მალე დაიშლა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა იმ დროს ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

საბჭოთა კავშირის ქაოტური კოლაფსის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი-ყარაბახის ტერიტორიის გამო ერთმანეთს სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში დაუპირისპირდნენ და აზერბაიჯანი დღემდე უარს ამბობს სომხეთთან თანამშრომლობაზე მანამ, ვიდრე ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ ჯარს არ გაიყვანს.

„ამ იდეის განხორციელებამდე დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ეს ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია“ – სთქვა სააკაშვილმა, ხაზი გაუსვა რა იმ ინიციატივას, რომელიც როგორც თურქეთის ასევე საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობებით იმოგზაურონ. თურქეთი მსგავსი ინიციატივით 2008 წელს სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთის გამო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოვიდა, მაგრამ ანკარამ განაცხადა, რომ ამ ე.წ. „კავკასიის თანამშრომლობისა და სტაბილურობის პლატფორმაში“ რუსეთიც უნდა იყოს ჩართული.

თურქეთი და საქართველო გეგმავენ „ერთი საბაჟო სარკმლის“ პრინციპის დანერგვას სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი და დატვირთული სასაზღვრო პუნქტია. ეს ყველა მოვაჭრეს გაუმარტივებს სავაჭრო საქმიანობას და ამ ადამიანებს დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ ერთ სარკმელთან მოუწევთ. „ასეთი მაგალითი შეიძლება „მისაბაძი მოდელი“ გახდეს რეგიონის დანარჩენი ნაწილისთვის” – სთქვა სააკაშვილმა დავითოღლუსთან შეხვედრის დროს.

შაბათს, პრეს-კონფერენციის დროს დავითოღლუმ განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური სისტემების ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა. „ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს საზღვრებს, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის პოზიტიური პარადიგმაა“ – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით დავითოღლუს უთხრა, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ საზღვრები უნდა გახსნას.

სააკაშვილის განცხადებები წინა თვეში მის სომხეთში ვიზიტს მოჰყვა, სადაც ის სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან სატრანსპორტო-საკომუნიკაციო რეჟიმის გამარტივებას განიხილავდა, იუწყებოდა მაშინ პრეზიდენტის პრეს-სამსახური. თურქეთმა საკუთარი საზღვარი სომხეთთან აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად 1993 წელს დახურა, როდესაც სომხეთმა მთიან-ყარაბახსა და რეგიონის მიმდებარე სხვა პროვინციებში საკუთარი ჯარები შეიყვანა.
foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100