სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახლში, შვილების თვალწინ მოკლეს...დედა მიტირა ეშმაკმა. 44 წლის კაცი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი – ზურაბ ანთელავას ტრაგედია

მსახიობმა ზურაბ ანთელავამ მერიკო კარტოზიას გადაცემაში მისი ცხოვრების საინტერესო ფრაგმენტებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ბავშვობაში ის დედის გარეშე დარჩა და მამიდამ გაზარდა.

“4 თვის ვიყავი, როდესაც დედა გახდა ავად. მფრინავი მენინგიტი დაემართა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, სანამ მამიდა წამომიყვანდა, ბაბუა და მამა მზრდიდა.

სანამ წამომიყვანდნენ ორჯერ მოვხვდი მორგში. უფროსმა მამიდამ არ გააკვეთინა ჩემი თავი და გადავრჩი. შემდეგ ვენერა მამიდას უთხრეს, წაიყვანე ეს ბავშვი, იქნებ გადარჩესო.

ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც ამიყვანა ხელში და გავჩერდი. მამამ სხვა ოჯახი შექმნა. დედამ დაკარგა მეხსიერება, მხედველობა, სმენა… ნელა-ნელა გამოვიდა, მაგრამ სმენა არ დაბრუნებია.

დედას მხოლოდ ბავშვობაში ვნახულობდი, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო დედა. ის შორიდან მოდიოდა. ეტყობა ხვდებოდა… ვერ მიახლოვდებოდა, დედის და შვილის ურთიერთობა არ ჩამოყალიბდა რამდენიმე წელი.

სამ წლამდე მამიდაჩემს ვეძახდი დედას. შემდეგ დავუძახე მამიდა. ჩემი ძმა იყო დარჩენილი დედასთან და ფაქტიურად მან მოუარა ბოლომდე.

სიტყვა დედის თქმა მიჭირდა. შემდეგ უფრო მომინდა ეს ურთიერთობა. როცა დავქორწინდი, მეუბნებოდა, თამაზის ხომ ვუნახავდი პენსიას და ახლა შენ დაგიგროვებო.

ტრაგედია იმაშია, როცა ესპანეთში წავედი, ვეღარ დავდიოდი მასთან ხშირად, ერთხელაც როცა ჩამოვედი, ჩემს ძმას დავურეკე წავედით-მეთქი. ჩავედით, ჩვეულებრივად დაგვხვდა მეზობლები. არ გამკვირვებია ასე დახვედრა… მივედი ეზოში, ჭიშკარი ღიაა, კარები ღიაა, შევედი და დედა გარდაცვლილი დამხვდა.

ზურა ანთელავა ემიგრაციაში 44 წლის ასაკში წავიდა და როგორც გადაცემაში განაცხადა, ყველაზე მეტად სწორედ იმ პერიოდზე ლაპარაკი უჭირს.

“სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, აფხაზეთში სახლში, ჩემი დის თვალწინ, მამაჩემი შვილების თანდასწრებით ჩახრილეს. კაცი მოკლეს, რომელმაც 22 მსხვილფეხა საქონელი შეაჭამა ამ არაკაცებს, იმისთვის რომ გარშემო სახლები არ დაეწვათ.

მე ბავშვობაში სულ აფხაზეთში ვტრიალებდი, ეს ის პერიოდი იყო, როცა ოჯახებში დარბაისლური ქართული გესმოდა. ასეთი პატივისცემით და რიდით ვიყავი გაზრდილი, ასეთმა ადამიანებმა ასეთი საშინელება გამიკეთეს მე და მთელ საქართველოს სულში ჩააფურთხეს.

გაქცევაზე ვიყავით, ეშმაკი მეჯდა თითქოს და დედა მიტირა ამ ეშმაკმა. წავედი და 44 წლის კაცი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. 2500 დოლარიან ხელფასს მთავაზობდნენ, ბინას… მხოლოდ 6 თვით ვაპირებდი წასვლას.

არ მიმიწევდა გული, მაგრამ ვალები მქონდა. აეროპორტში მითხრა მეუღლემ, ზურიკო დარჩიო, მაგრამ მაინც წავედი. ორი თვე ლვოვი, მოსკოვის გზაზე ვეგდეთ.

11 წელი ესპანეთში ვიყავი, 4 წელი გერმანიაში. როცა დავბრუნდი დავფიქრდი რა მინდოდა, რატომ წავედი?” – იხსენებს მსახიობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100