სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხრა აპრილი თბილისის მეტროში - უბრალოდ, ჩანაწერი... (+ვიდეო)

მისი ხმა ძალიან შორს ისმის. არა იმიტომ, რომ ყვირის ან ცდილობს, ბევრს გააგონოს, - უბრალოდ, ასეთი ხმა აქვს. ასეთ ხმაზე მღერის და ჩონგურს აჩხაკუნებს.

რეპერტუარი ქართულია, პატრიოტული და ყველასთვის კარგად ცნობილი. მაგალითად - ლადო ასათიანის "სალაღობო".

მის წინ, პლასტმასის ლურჯ ჭიქაში ხურდის ყოველ გაჩხაკუნებას ოდნავ თავის დაქნევით ხვდება. ეს მისი მადლობაა. არც სიმღერას წყვეტს და არც დაკვრას.

ჭიქაში ხურდა ხშირად ვარდება. უფრო ხშირად უფროსი თაობის ადამიანები აქტიურობენ, ძირითადად, მამაკაცები. გამოერევიან უმცროსებიც, ასე - 19-22 წლისანი.

გულიდან მღერის. ყოველ ჯერზე გულწრფელად და გადამდები შთაგონებით. ამას ადვილად შეამჩნევთ, თუ დააკვირდებით: სიმღერას და დაკვრას მაშინაც არ წყვეტს, როცა "გრაგანებენ ვაგონები", ანუ, როცა შემადგენლობა ჩამოდგება და წესით, უნდა გაჩუმდეს და მგზავრთა ახალი ნაკადისთვის შემოინახოს თავი, თუკი სხვის გასაგონად და მხოლოდ მოწყალების მისაღებად მღერის.

ვიღაცამ მითხრა, ყოველ დილით ამ ქალს მეტროს დისპეტჩერი ქალები ნისიად უშვებენ და უკან ამოსვლისას იხდის საფასურსო. მახსოვს, მაშინ პირველად და, ალბათ, უკანასკნელად მომინდა ვაგზლის მოედანზე მომუშავე დისპეტჩერი დეიდების გადაკოცნა.

ვისაც გეცნოთ, ხომ კარგი და ვისაც არა, გეტყვით - ეს ქალი ერთ-ერთია იმ უსინათლოთაგან, ვინც 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სახლის წინ იდგნენ და "სალაღობოს", მღეროდნენ. ვინც იმ ავბედითი განთიადისას რუსთაველზე იყო, ან არ იყო და 1989 წლის 9 აპრილის მხოლოდ ვიდეომასალა აქვს ნანახი, არ შეიძლება არ გაახსენდეს მისი ხმა. ვახტანგ ხარჩილავამ დაწერა მაშინ მათზე შესანიშნავი ლექსი, სადაც ასეთი სტროფია:

"ეს ხმა ხმა არაა ბუკის და ნაღარის,

ფერითაც დაჟანგულ სპილენძის ფერია,

მღერიან, მღერიან ასე ლამაზები,

ისე, არასოდეს რომ არ უმღერიათ“. ბოლოს კი ის ლექსი ასე მთავრდება:

"არ წყდება სიმღერა, სიმღერა, სიმღერა,

სიმღერა, რომელსაც ისინი მღეროდნენ..."

მაშინ ის არამხოლოდ მღეროდა სხვის დაწერილ, ათასჯერ ნამღერ სიმღერას, არამედ სათქმელს ამბობდა. ახლაც ამბობს მათთვის, ვისაც ყურნი ასხნ სმენად. ისიც შეიძლება იფიქრო, რომ ის იმდროინდელ 9 აპრილს გვახსენებს მეტროში. კი არ მღერის, სათქმელსაც ამბობს.

წესით, მოწყალებისთვის მას მეტროში ჩასვლა და სიმღერა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ წესით, ჩვენც არ უნდა გვჭირდებოდეს შეხსენება, რატომ უნდა შევეწიოთ...

ის კი ისევ მღერის: ლამაზ თვალებში იმდოინდელი, ცხრა აპრილისეული სევდა უდგას და ისე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100