რა დააშავეს ამ ბავშვებმა?
ბავშვის დაბადება – ეს სასწაულია! მშობლები მოუთმენლად ელოდებიან ამ დღეს. სამწუხაროდ, ეს დიდი ბედნიერება ზოგიერთ წყვილს გვერდს უვლის. მათ არ ძალუძთ საკუთარი შვილის გაჩენა, თუმცა მზად არიან მისცენ ბედის ანაბარა მიტოვებულ სხვის შვილს უკეთესი ცხოვრება, სითბო და სიყვარული!
ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ მხოლოდ დიდი გულის ადამიანებს. მაგრამ, რა დასამალია, რომ შვილად აყვანის პროცესი დაკავშირებულია ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებთან, საქმის განხილვის და შეთანხმების რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთან.
არავინ არ უარყოფს იმ ოჯახების წინასწარი შემოწმების აუცილებლობას, რომლებსაც აქვთ ბავშვის აყვანის სურვილი, მათ შორის მათი მორალურ–ფსიქოლოგიური და მატერიალური მზაობის დადგენას. თუმცა, ბიუროკრატიულმა მიდგომებმა და საქმის გაჭიანურებამ არ უნდა ჩაკლას ადამიანში კეთილშობილური ზრახვა – გაუღოს საკუთარი გულის კარი ოჯახის ახალ წევრს.
სხვათაშორის, ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. ისინი მოუთნებლად ელოდებიან ოჯახურ გარემოში ცხოვრებას, ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს. დრო კი მიდის! რა კარგადაც არ უნდა ექცეოდნენ ბავშვს ბავშვთა სახლში, ოჯახურ სიტუაციას, ყოველდღიურ მზრუნველობას და მშობლების მიერ გამოჩენილ ყურადღებას, ვერაფერი შეცვლის.
ბავშვებმა ეს იციან. ისინი ამას გრძნობენ, მაგრამ ვერ პოულობენ ახსნას – რატომ არავინ მოდის მათთან? რატომ არავის მიჰყავთ სახლში? რამე დააშავეს?
ამავე დროს, ჩვენი თანამემამულეების არც თუ ისე ცოტა ნაწილი ოცნებობს შვილის აყვანაზე, მისთვის ოჯახური ბედნიერების მინიჭებაზე, მშობლიური გარემოს შექმნაზე, რომელიც მას, შესაძლოა, არასდროს განუცდია.
ეს ღირსეული ადამიანები მზად არიან უზარმაზარი სიკეთე ჩაიდინონ – სრულიად უცხო ბავშვს მისცენ ის, რისი გაღებაც მხოლოდ მოსიყვარულე დედას და მამას შეუძლიათ.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩერნოვწცკის ფონდს ორმოცამდე ადამიანმა თხოვნით მოგვმართა, შვილის აყვანის საქმეში გვეშუამდგომლა მათთვის შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციების წინაშე პროცესის დაჩქარების მიზნით.
ეს ადამიანები უკვე რამდენიმე წელია, რაც რიგში დგანან, ჩაბარებული აქვთ აუცილებელი დოკუმენტები, არაერთხელ იქნენ შემოწმებულნი სოციალური მუშაკების მიერ, თუმცა პასუხი არა და არ მიუღიათ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩვენს შუამდგომლობას გულგრილად მოეკიდა. მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ სადღეისოდ დარეგისტრირებულია მეურვეობის 3 ათასზე მეტი კანდიდატი და რომ შვილად აყვანის მსურველმა უნდა მიმართოს სოციალურ სააგენტოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ისედაც ცნობილია და ერთი სიტყვაც არ თქმულა ბიუროკრატიული წინააღმდეგიობების აღმოფრხვრის და შვილად აყვანის პროცესის დაჩქარების შესახებ.
რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ადგილიდან არ იძვრის: პროცესი კვლავინდებურად წლობით გაიწელება, ხოლო ბავშვები, რომლებიც ელოდებიან ოჯახურ გარემოში ცხოვრების დაწყებას, ისეთ ასაკში შევლენ, რომელიც შვილად აყვანის შანს მათ დაუკარგავს.
ჩვენ ვსვამთ შეკითხვას: რა დააშავეს ამ ბავშვება? როგორ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ?
კომენტარი