სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრი გაიხსნება

“ტყის კვირეულს“ ამჯერად, ზღვისპირა ქალაქი მასპინძლობს. 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, კვირეულის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრის (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თითოეული მუნიციპალიტეტიდან (ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩური, შუახევი) 5 საუკეთესო მეტყევე გამოვლინდება და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ნაკაშიძე და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი სანადირაძე.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,აჭარის სატყეო სააგენტოს, WWF-ისა და სხვა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც.

ამავე დღეს დაგეგმილია აჭარის ტყეების ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასების საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა საკონსულტაციო საბჭოსთვის. განხილულ იქნება, როგორც ტყეების ეკონომიკური შეფასების შედეგად მიღებული მაჩვენებლები, ასევე რეკომენდაციები ტყის მართვის კუთხით.

დასასრულს, მოეწყობა მეტყევეების მცირეწლოვანი შვილების დაჯილდოვება, რომლის დროსაც მათ გადაეცემათ მადლობის სიგელები მამების დამსახურებისთვის. სპეციალურად პატარებისთვის გაიმართება შემეცნებით-გასართობი პროგრამა, მათ გაუმასპინძლდებიან და გაართობენ მოწვეული ანიმატორები.

2016 წელს,ტყის კვირეული პროექტისსატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“ სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

„ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100