ქორწილში ხუმრობით მიწვეული ელისაბედ მეორე რიგით ბრიტანულ წყვილთან მართლა მივიდა
მანჩესტერში მიმდინარე ქორწილის უკლებლივ ყველა დამსწრე, ნეფე-დედოფლით დაწყებული, ყბაჩამოვარდნილი დარჩა, როცა სტუმრებს შორის, ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი თანამეცხედრე გამოჩნდნენ. ფრენსის და ჯონ კენინგებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ დედოფალს მოსაწვევები მხოლოდ ხუმრობით გაუგზავნეს და არაფრით ელოდნენ, თუ მას მონარქი ასე გამოეპასუხებოდა.
წყვილის საქორწინო ცერემონიალზე დედოფალი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად გამოჩნდა და ნეფე-დედოფალს პირდაპირ სახელებით მიმართა. როგორც BBC იტყობინება, კენინგებმა დაადასტურეს, რომ ერთი თვის წინ მოსაწვევი დედოფალს მართლაც, გაუგზავნეს:
„ჩვენ მოსაწვევი გავაგზავნეთ და საპასუხოდ მადლობა და მილოცვაც მივიღეთ, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდით იმას, რაც მოხდა“, - განაცხადა ჯენიფერმა, რომელიც ქმართან ერტად მანჩესტერში ამერიკული სილამაზის სალონების მფლობელია.
დედოფლის გამოჩენამ საშუალო დონის ქორწილში იმხელა შოკი გამოიწვია, რომ სამეფო წყვილის გამოჩენისთანავე პატარძლის ერთ-ერთ, დაბნეულ ნათესავს თავზე დიდი ყვავილების ვაზა დაემხო: ის მას ფეხით წამოედო. იქვე მდგარმა დედოფალმა, მას შემდეგ, რაც მამაკაცი წაიქცა და წამოდგა, გამოჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, რაზეც დაბნეულობისგან ლამის დამუნჯებულმა მაყარმა მხოლოდ ლუღლუღით უპასუხა.
კომენტარი