ფილმი ირაკლი ალასანიაზე: გზა კულინარიელობიდან ჰომსამდე...
ვინ იყო, ვინ არის, რა წარსული აქვს, როგორ გაიკეთა კარიერა უშიშროებაში, რატომ უყვარდა იარაღის ტრიალი სკოლის ასაკიდან, რატომ სდებენ ბრალს მკვლელობასა და გატაცებებში, ნარკოდილერებთან კავშირში - რატომ ელანდება ჰომსი ზუგდიდში და საერთოდ, რას წარმოადგენს ირაკლი ალასანია, როგორც პიროვნება და როგორც პოლიტიკოსი. სტუდია "დრონის" ბიოგრაფიული ფილმი გაუხმაურებელი დეტალებით...
როცა მერად არჩევას უპირებდნენ, პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა ირაკლი ალასანიას რაგბის ბურთი გადასცეს და ლელოს დადება მოსთხოვეს. ალასანიამ პირობა დადო და შეასრულა კიდეც, ოღონდ უკუღმა: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ სპორტსმენ წევრს მიბაძა და ლელო საკუთარ ჩათვლის მოედანში, მისივე სახელმწიფოს წინააღმდეგ დადო: სამეგრელოში სირიის სცენარის გამეორება იწინასწარმეტყველა და ლელა კაკულიასთან ტრენინგგავლილმა ზუგდიდში ჰომსიც დაინახა. მოგვიანებით ირაკლი ალასანიამ ეს განცხადება უფრო ნათლად, უფრო გარკვევით და უფრო დაქადნებით გაიმეორა:
ალასანიამ ისიც დაამატა, რომ სამეგრელოში მოქმედი ბანდფორმირებების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გააჩნდა და იგი უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა, თუმცა, ალასანიას ე.წ. საიდუმლო დოკუმენტს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ „უპასუხისმგებლო ბოდვა“ უწოდა და რადგან ალასანიას გაგზავნილი მასალა არანაირ საიდუმლოს არ შეიცავდა, უშიშროების საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა. რატომ მოელანდა ირაკლი ალასანიას რეფორმირებული რეზერვის ფორმაციაში ბანდფორმირებები, ამაზე საუბრისას ექსპერტები და პოლიტიკოსები თითქმის ერთ პოზიციას გამოხატავენ.
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელმაც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შედეგები საკუთარ თავზე გადაიტანა, ალასანიას გამოსვლა პირდაპირ მუქარად აღიქვა. ზუგდიდის შედარებამ სირიის იმ ქალაქთან, რომელიც იბომბება და სადაც ყოველდღე ათობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, არამარტო ზუგდიდელების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ მას მომწონებლები და ამტაცებლები აფხაზი მარიონეტების სახით გამოუჩნდნენ. მათ მაშინვე გამოთქვეს შეშფოთება და ისიც დაამატეს, რომ ალასანიას ამ განცხადებას ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებაზეც გამოიყენებდნენ.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ანალიზმა ფსიქოლოგები და კრიმინალისტები საინტერესო დასკვნამდე მიიყვანა: დამნაშავე, რომელიც ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მიმალვას ახერხებს, უმეტეს შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის ადგილს უბრუნდება და თავსაც მაშინ იშიფრავს. კრიმინალისტიკის პარალელურად, პოლიტიკურ ბატალიებში არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: როცა წინასწარ აცხადებ იმ საფრთხის შესახებ, რომლის გამოწვევასაც თავად აპირებ და ამ საფრთხეში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ადანაშაულებ.
ასე იყო 2006 წელს, როცა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების საინფორმაციო საშუალებები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ნავთობსადენზე თითქოსდა პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ბოევიკების მხრიდან დაგეგმილი დივერსიული აქტების შესახებ. შუა ზამთარში დივერსიული აქტი მართლაც მოხდა.
ირაკლი ალასანიას განცხადებები სამოქალაქო ომის საფრთხესთან და სამეგრელოში თითქოსდა გასაიდუმლოებული შეიარაღებული ფორმირებების არსებობასთან დაკავშირებით, ერთდროულად ჰგავს როგორც დანაშაულის ჩადენის ადგილზე დამნაშავის დაბრუნებას, ასევე რუსული პოლიტიკური ელიტის ხელწერას მათ მიერვე დაგეგმილი საფრთხეების წინასწარ დაანონსებასთან მიმართებაში.
ცნობილი განცხადებით ირაკლი ალასანიამ სწორედ იმ ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე დაასხა წყალი, რომელთა სპეცსამსახურებთან ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან ჰქონდა.
ჯერ კიდევ მაშინ პანკისის ხეობაში მოსახლეობა წინააღმდეგი იყო რუსული სპეცსამსახურების გამოჩენის, მაგრამ ალასანიას, რომელიც ახლა სამეგრელოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ყალბ წუხილს გამოთქვამს, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და დამოკიდებულება სულაც არ აღელვებდა. მეტიც - ჯერ კიდევ მაშინ კრიმინალებთან ირაკლი ალასანიას კავშირის შესახებ პანკისის მოსახლეობა ღიად საუბრობდა.
დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ კონფლიქტის ზონების სიახლოვეს ნებაყოფლობითი რეზერვი იმისთვის შეიქმნა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საფრთხის შემთხვევაში რეაგირება შეძლოს. ამ ნებაყოფლობით რეზერვში ბანდფორმირების დამნახავი ირაკლი ალასანია ერთ დროს აფხაზეთში მცხოვრებთა ბედზე შეწუხებულადაც გვევლინებოდა და მათი სიმშვიდის დამრღვევთა განადგურებითაც იმუქრებოდა, მაგრამ მოვიდა დრო და ფირფიტა გადააბრუნა - მხოლოდ ერთი კაცისა და მისი ჯიბის ხათრით:
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი, როცა ალასანია ქამელეონად გვევლინება და პოზიციას მოკლე დროში, იმის მიხედვით იცვლის, თუ საიდან უბერავს პოლიტიკური მოვლენების ქარი: 2008 წლის აგვისტოში ირაკლი ალასანია საქართველოს ინტერესებს იცავდა და რუს ოკუპანტებს ამხელდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ჩრდილოეთიდან მონაბერმა ქარმა საქართველოში მილიარდერი გადმოისროლა, ირაკლი ალასანია სწორედ იმის გვერდით აღმოჩნდა, ვინც რუსეთთან ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.
კიდევ ერთი სახეცვლილება: ირაკლი ალასანიას საქართველო მხოლოდ ევროპის ერთიანი ოჯახისა და ნატოს წევრად ესახებოდა, მოგვიანებით კი მან ნატოს წევრობა ეჭვქვეშ დააყენა და ამის მტკიცების დროს იმდენადაც კი დაიბნა, რომ ორჯერ ორი ორად შემოგვასაღა:
ლაქები ირაკლი ალასანიას კარიერული წინსვლის დასაწყისშიც მრავლადაა. პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოში ახალ ჰომსზე საუბრობს, სირიის ქალაქს დამსგავსებული ქვეყანა უკვე გამოიარა, მაგრამ გამოიარა არა როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ამ სამოქალაქო დაპირისპირების შედეგები, არამედ როგორც უშუალო მონაწილემ.
ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო იმ კრიმინალებთან, რომლებიც თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში წარმოქმნილი ბანდფორმირების ბირთვს შეადგენდნენ და რომლებსაც მთელი საქართველო იცნობს, როგორც „კულინარიელთა საძმოს“. ამ ფორმირების წევრთა კისერზეა ათობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, ალასანია დღეს აღარ საუბრობს მის კრიმინალურ წარსულზე და არც კულინარიელთა საძმოს ხსენება სიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიმინალური ჯგუფი მის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
„კულინარიელთა საძმოს“ მიერ ჩადენილი უთვალავი დანაშაულიდან ერთ-ერთი შემზარავი ფაქტი, რომელშიც ირაკლი ალასანიას როლზე დაღუპულთა დედები დღესაც კი ღიად საუბრობენ, 17 წლის წინ მოხდა:
1995 წლის 4 მარტს, თბილისში ორი ახალგაზრდა: კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს კი, შვილების ცხედრების ნაცვლად, სხვისი გვამები შეაჩეჩეს ხელთ. გაუჩინარებული ახალგაზრდების დედები თამარ გარსევანიშვილი და მანანა რეხვიაშვილი, სხვებთან ერთად, ამ საზარელ დანაშაულში ბიძინა ივანიშვილის მთავარ სახეს, ირაკლი ალასანიას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ალასანია, რომელსაც ნარკობიზნესთან ჰქონდა კავშირი, თავისივე მეგობრების გაუჩინარების საქმის თანამონაწილეა.
იგივე ქალბატონი იმაზეც ღიად საუბრობს, რომ ირაკლი ალასანიასთვის არც იარაღის გამოყენებაა პირველი შემთხვევა და არც უშიშროებასთან თანამშრომლობა კვალის დაფარვის მიზნით.
მალე ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა მაშინვე განსაზღვრა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის, რაც მას ასე აინტერესებს - ბევრი ფული.
რიგითი მოქალაქეების მსგავსად, ირაკლი ალასანიასადმი უარყოფით დამოკიდებულებას არც პოლიტიკოსები მალავდნენ, მათ შორის არც ნინო ბურჯანაძე და მისი მომხრეები:
ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ალასანია „კულინარიელთა“, საძმოს წევრი იყო, ახლა გვარებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალასანიას და მის მეგობრებს 13 და 15 წლის ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრალად. არის ვერსია, რომ ის 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში იარაღით მონაწილეობდა და პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებს ტყვიით უსწორდებოდა, თუმცა ეს საკითხი გამოსარკვევია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პოლიტიკის ნაწილი, დღეს ზვიად გამსახურდიას ხსენებაზე ცრემლებს რომ ღვრის, ამ საკითხის გარკვევით დაინტერესდება. ალასანიამ ნარკობიზნესით იშოვა დიდი ფული. როცა ალასანია პანკისში სიტუაციას „აკონტროლებდა“, სწორედ მაშინ ნარკობიზნესით დიდი ფული იშოვა, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართულ პოლიტიკაში იყოს.
შალვა ნათელაშვილი: კაცო, ირაკლი ალასანია არ იყო, ის ინგლისელი ბიზნესმენი რომ მოპარა კობა ნარჩემაშვილს? მერე თბილისში ჩამოიყვანა და სხვისი გაკეთებული საქმე ისე მიიწერა, წარბი არ ატოკებია, რაც მაგას დანაშაული აქვს ჩადენილი, შევარდნაძის უშიშროებაში, ჯერ იმაზე აგოს პასუხი, მერე დანარჩენებზე ვილაპარაკოთ.
ნოდარ ნათაძე: ამ ადამიანში პერსპექტივას ვერ ვხედავ. მას არა აქვს ის მინიმუმი, რაც დღეს საქართველოში პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ალასანიას არა აქვს გამოკვეთილი პოზიცია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში. შე დალოცვილო, არც ერთს ამბობ და არც მეორეს, მაშინ რისთვის ხარ საერთოდ და რისი მაქნისი ხარ...
ირაკლი ალასანია, რომელიც თავს კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლად მიიჩნევდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავდა და ქუჩის აქციებს არ უერთდებოდა, დღეს მზადაა კრემლისა და საქართველოში მისი ემისრების გეგმები გაახმიანოს და სამოქალაქო ომზე საუბრით დაძაბოს სიტუაცია.
ალასანია ახლა სულ სხვა რამეზე ოცნებობს, არადა, იყო დრო, მის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის“ დაწერილ და წაკითხულ დღიურებში პარაშუტისტობაზე ოცნებობდა.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია თვლის კიდეც, რომ მიზანს მიაღწია და ტალღა ააგორა, მაგრამ მსგავს სიტუაციებში გადამწყვეტი არა ცალკეული პოლიტიკოსების, არამედ მათი პოზიციაა, ვინც კარგად იცის, როგორ არ უნდა დაუბრუნდეს წარსულს - არშემდგარ პარაშუტისტს ხალხი და მისი როლი ავიწყდება...
კომენტარი