სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ასევე, ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ. უფრო კონკრეტულად, პოსტზე რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100