სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატივი მიაგეთ ლენინის ლეშსს!!!

ლევან გაჩეჩილაძე ზურაბ ნოღაიდელს დაეხმარა და ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ დაშლის პირას მიიყვანა. ფარულმა მოლაპარაკებებმა ირაკლი ალასანიასთან შედეგი მოიტანა და ალასანია კრემლის სცენარში ჩაეწერა. ამიერიდან ირაკლი ალასანია ნოღაიდელის ფანკლუბის წევრი გახდა, უფრო ზუსტად პუტინის ფანკლუბის წევრი. მართლაც, უშედეგო არ აღმოჩნდა ალასანიას შეხვედრა მიუნხენში სერგეი ლავროვთან. ალასანია ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით და თქვა კიდეც, რომ ,,ფრთხილი ოპტიმიზმი’’ გაუჩნდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.

ქართულმა საზოგადოებამ ვერ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რამ გაუჩინა ეს ,,ფრთხილი ოპტიმიზმი’’ ალასანიას და სავარაუდოა, ამას საზოგადოება მოგვიანებითაც ვერ შეიტყობს, სამაგიეროდ ალასანია მიუნხენიდან შეცლილი დაბრუნდა. ფერიცვალების შედეგი იყო სწორედ მისი გადაბარგება რუსეთის მოყვარულთა საზოგადოებაში.
ჭადრაკის სასახლეში რუსეთის ჭეშმარიტად მოყვარულთა საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. მკითხველმა გვაპატიოს, თუ ამ სტატიაში ზოგჯერ რუსულ სიტყვებსაც გამოვიყენებ. ნოღაიდელის ფანკლუბის წევრებს ისე უყვართ რუსეთი, რუსული სიტყვებისადმი გულგრილი არ დარჩებიან.

მოკლედ, ,,სხადნიაკი’’ შედგა, რომელზეც საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი ადამიანები მივიდნენ. ჭადრაკის შენობის წინ ხალხი ნელ–ნელა შეიკრიბა, დარბაზიც შეივსო.
პოლიტიკოსებთან ერთად ამ ,,სხადნიაკზე’’ რა თქმა უნდა გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნუკრი ქანთარია გამოჩნდნენ. საინტერესო იყო ისიც, რომ ლევან გაჩეჩილაძის საგულშემატკივროდ, თბილისის ლამაზმანი, სკანდალებში არაერთხელ გახვეული მაკა ასათიანიც მიბრძანდა, მასთან ერთად იყო თეონა თავართქილაძეც.
ისე, გასაკვირია, თავართქილაძის ქმარი, რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის ლამის უცვლელი ვიცე–პრეზიდენტია, ცოლი კი მოპუტჩისტო, მორევოლუციონერო ელემენტებთან ერთად ჩნდება?

შეხვედრა დაწყებული არ იყო რომ ჯანსუღ ჩარკვიანთან მიმსალმებელ მოლაქუცეთა ცოცხალი რიგი დადგა. კულმინაცია იყო როცა ჯანსუღ ჩარკვიანთან, რომელიც სავარძელში დონ კორლეონესავით გაჯგიმული იჯდა, ზვიად ძიძიგური მივიდა და გადაკოცნა, მერე მოტრიალდა და ოთარ მეღვინეთუხუცესს ეკვეთა გადასაკოცნად.
ძიძიგურს მოკლე მეხსიერება აქვს ან ისეა ახლა პუტინთან მომავალი შეხვედრის ტკბილი პერსპექტივით გონებაარეული, რომ დაავიწყდა ვის კოცნიდა, ეს ის ჯანსუღი და ოთარი არ არიან, რომლებსაც ლომის წილი მიუძღოდათ ზვიად გამსახურდიას დამხობასა და ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანაში?
ძიძიგური ხომ შევარდნაძის ხელისუფლებამ გაასამართლა და ძალიან დიდხანს აყურყუტა ვირის აბანოში. რას ვიზამთ, ახლა სხვა დროა და სიო სხვა მხრიდან უბერავს ძიძიგურისთვის. ლიანდაგებზე გართხმული ძიძიგური ყველას ახსოვს, რუსეთს ბლოკადას რომ უცხადებდა, ახლა კი, იმავე რუსეთს სიყვარულს უხსნის.
ჯანსუღი რომ მაფიის მამასავით იჯდა და ლამის ხელზე კოცნიდნენ, ამ დროს არც ნოღაიდელი იჯდა უქმად. ნოღაიდელთან გურანდა გაბუნია მიიჭრა, ჯერ გადაკოცნა მხურვალედ, მერე კი კარგა ხანს მასთან იდგა და დრო და დრო ნაზად ეფერებოდა, როგორც შვილს.
რა კარგია, პუტინის მეგობრის ფერება, განა ყველას ეღირსება მსგავსი ნეტარება? ჭადრაკის სასახლეში თავმოყრილი რუსეთის მოყვარულთა საზოგადოების წევრები არა მარტო პუტინთან წავიდოდნენ მადლობის სათქმელად, გამორიცხული არ არის, დარბაზში ისეთი ვნებები იღვრებოდა, სიამოვნებით დადგებოდნენ მავზოლეუმის წინ ცოცხალ რიგში ლენინ–ულიანოვის ლეშისათვის პატივის მისაგებად. მადლობები კი იცოცხლე იღვრებოდა და იღვრებოდა. ტრიბუნიდან ძირითადად ალასანიას მიმართულებით, თუმცა ამ მადლობებს უშურველად ნოღაიდელსაც უხდიდნენ.
დარბაზში ცარიელი ადგილი აღარ დარჩა და რუსეთის მოყვარულთა საზოგადოების წევრები ფეხზეც იდგნენ. ასე იცის კრემლის სიყვარულმა. დათო მაღრაძემ, რომელსაც პატივი ერგო ეს ,,მშვენიერი’’ შეკრება წაეყვანა, სიამოვნებით გადახედა დარბაზს და თქვა, ჭადრაკის სასახლის დარბაზში ვერ ვეტევით და მალე სტადიონზე გადავინაცვლებთო.
მერე შეკრების მიზეზზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ჩვენი გამარჯვების სიმბოლო იქნებაო. მაღრაძეს სიტყვა პრაიმერი, როგორც ჩანს ეუხერხულება და ეტყობა ძიძიგურის გასაგონად თქვა, პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგონებენ და უცებ აიტაცებენ, ისე არ გვეგონოსო. ერთიან კანდიდატზე უნდა შევთანხმდეთ და ამისთვის ყველა ოპოზიციონერის კარი ღიაა, მალე თბილისის დიდ შეკრებას მოვიწვევთ და იქ გადავწყვეტთ როგორ გამოვავლინოთ ერთიანი კანდიდატიო.
დიდმა რეჟისორიმა და დიდმა პოლიტიკოსმა, ნუკრი ქანთარიამ მხარდამჭერებს მოუწოდა ,,ეს ჩაშავებული სააკაშვილი არ უნდა გავახაროთ ჩვენი ქმედებებით, ალასანიამ სარისკო, მაგრამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად და ამას მივესალმები, ალიანსი არ უნდა დაიშალოს. ჩვენ ყველა ერთად ვჭირდებით ამ ქვეყანას,’’ - ეს ბოლო ფრაზა ნამეტანი ხმამაღალა გამოუვიდა.
საზოგადოების დაკვეთაა ხელისუფლების შეცვლა დაუყოვნებლივ - ისე აცხადებს დიდი პოლიტიკური მოაზროვნე, თითქოს მთელი საზოგადეობის აზრი აქვს შესწავლილი და ამის მიხედვით ამტკიცებს ამ მოსაზრებას.
ოთარ მეღვინეთუხუცესმაც ოპოზიციის ერთიანობაზე და სიყვარულზე ილაპარაკა, ერთიანი კანდიდატი აუცილებელია, ,,ერთხელ უკვე გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა (გაჩეჩილაძე ჰყავდა მხედველობაში), მაგრამ მსაჯმა არ ჩაგვითვალა, იმ დამპალმა’’, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მეღვინეთუხუცესმა.
გამოსვლების დროს მოულოდნელად მაღრაძემ სიტუაციის გასამწვავებლად უცებ გამოაცხადა, საკაბელოები გათიშეს, ვის უმალავენ ნონა გაფრინდაშვილს, ჯანსუღ ჩარკვიანს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, ნუკრი ქანთარიას, სადამდე დამალავენ? - საკითხავია ვის უნდა ამათი დამალვა, დამალვა რომ სდომოდათ, პირველ რიგში ,,დაღლილ ვირს’’ დაუმალავდნენ საზოგადოებას. ერთ–ერთ გამომსვლელს არ გაუმართლა და რამდენჯერმე მიკროფონი გამოერთო, მაინც ვილაპარაკებ და ჩემს სათქმელს გაგაგებინებთო - დაიმუქრა.
მაღრაძემ ახლა ირაკლი ალასანიას ვთხოვ ტრიბუნასთანო და დარბაზმაც დაიქუხა, ხანგრძლივი ტაშის ფონზე ავიდა „ახალი დროის გმირი’’ ტრიბუნაზე. ერთი გადახედა დარბაზს და დაიწყო: ერთიანი კანდიდატისთვის უკან არ დავიხევთ, თბილისი სიყვარულისა და ერთობის ქალაქი უნდა იყოს. ხელისუფლებას წართმეული აქვს მედია-სივრცე, პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესმენები ზეწოლის ქვეშ არიან, ვერ მოვითმენთ, რომ ეს ქვეყანა და თბილისი ერთი კაცის იყოს. უნდა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ხელისუფლებაო.
ზვიად ძიძიგურმა კატეგორიულად უარყო - პრაიმერი რუსული ფულით არ ფინანსდებაო. ,,ეს ცილისწამებაა, არავითარი რუსული ფული არ იქნება, ყველა ის პარტია დააფინანსებს პრაიმერს, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს’’ - არწმუნებს ძიძიგური ჭადრაკის სასახლეში მყოფებს და იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც ამ თავყრილობაში არ მონაწილეობდა. ფაქტია, რომ ნოღაიდელი პრაიმერის აქტიური ჩამტარებელი იქნება, ნოღაიდელის გზა კი პუტინთან არის გადაკვეთილი, ,,დაღლილი ვირი’’ საკუთარი ჯიბიდან რომ არ დააფინანსებს პრაიმერს, ეს ისედაც აშკარაა.
პუტინთან შეხვედრისა და მისთვის მადლობების მოხდის კიდევ ერთი მსურველი, დიდი მოქეიფე კობა დავითაშვილი ტრიბუნასთან აღელვებული მივიდა. ხმაც კი აუკანკალდა მღელვარებისგან. ,,შედგა ის, რისიც ეშინოდა მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტად, დღეები აქვს დათვლილი სააკაშვილის რეჟიმს, ეს თქვენ გააკეთეთ, შიშით მოვდიოდი, მოვა ხალხი, დაგვიჭერს მხარს? ასე ვფიქრობდი, თუმცა, მოხვედით და ერთობაც შედგა (ისტერიული შეძახილი მქუხარე ხანგრძლივი ტაშის ფონზე), მადლობა მინდა გადავუხადო ალასანიას და მივულოცო ეს ნაბიჯი, მადლობა გაჩეჩილაძეს, რომლის გარეშეც ეს ერთობა არ შედგებოდა, ყოჩაღ ლევან, გიქებ სამუშაოს.

მინდა მივმართო რესპუბლიკელებსა და მემარჯვენეებს, მრავალი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად, ჩვენი თანამებრძოლები არიან, რაც არ უნდა განაწყენდნენ და ღალატიც დაგვაბრალონ, ჩემგან ერთ სიტყვას არ მოისმენენ პასუხად, შემოგვიერთდით, უსუფაშვილო დავით, ხიდაშელო თინავ, გამყრელიძე დავით, ჩიხრაძე ფიქრიავ, კაციტაძე მამუკავ, ბერძენიშვილებო, სანიკიძევ, შემოუერთდით ამ ერთობას’’, - ხმის დაკარგვამდე გაყვიროდა დავითაშვილი.
ალასანიას მსგავსად, დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტებით შეეგებნენ პუტინის დიდ მეგობარს - ნოღაიდელს. ,,დაღლილმა ვირმა’’ სიხარული ვერ დაფარა ამდენი პუტინისტ–ლენინისტების დანახვაზე. ,,საქართველოსთვის ისტორიული დღეა, საქართველო არ არის სამართლიანი და დემოკრატიული, მაგრამ ამ ერთობით შანსი გაჩნდა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყანა, 2010 წელი საქართველოს გამარჯვების წელი გახდება’’ - ასე დაასრულა თავისი ემოციური სტყვა ნოღა–იუდელმა.
პუტინისტებს სიყვარული უფროსმა ,,გრეჩიხამაც’’ აუხსნა და ცრემლები მოერია, მერე კი გამოტყდა, რომ ბევრჯერ გაუცრუა იმედი მხარდამჭერებს, თავზე მაქაქებდნენო - დანანებით თქვა.

ისე კი, რა ქნან სტაჟიანმა პუტჩისტებმა, სჭირდებათ რადიკალიზაცია და ,,გრეჩიხები’’ ამის პროფესიონალები არიან, ამიტომ ბოლომდე არ გაწირეს. თუმცა, მესამე ტალღამაც მათთვის სასურველი შედეგი (ხელისუფლების დამხობა და პუტინისტების ხელისუფლებაში მოსვლა) რომ არ მოიტანოს, აი მაშინ ნახეთ „დელიკატესები“ გაჩეჩილაძეებისა და ნოღა–იუდელის თავზე. გრეჩიხამ, ისევ ერთ ჯარისკაცად გამოგყვებით ბრძოლაშიო, თანამებრძოლ რუსოფილებს უთხრა, მაგრამ საქმე იქით მიდის, რომ გაჩეჩილაძეს გაამარჯვებინებენ პრაიმერში.
ასე და ამგვარად, ღია შეკრება შედგა, ქუჩისა და საკან-გალიების მოტრფიალე ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ნოღაიდელი გულში ჩაიხუტა. ახლა ჯერი დანარჩენებზეა. ყველა პუტინისტის თვალი და ყური ირაკლი ოქრუაშვილისკენ და ნინო ბურჯანაძისკენ არის მიმართული. ეროვნულმა ფორუმმა, რესპუბლიკელებმა და მემარჯვენეებმა უკვე დააფიქსირეს პოზიცია - ნოღაიდელ-პუტინ-მედვედევის სცენარში მონაწილოებას არ მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100