სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი" - მამუკა მდინარაძე დღევანდელ აქციაზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მოუწოდა შეუერთდნენ მმართველი გუნდის აქციას, რომელიც დღეს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე იმართება.

"ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მოსალოდნელ პროვოკაციებზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება!

ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდება და ღირებულებით არჩევანში საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებს. ასევე მადლობას ვუხდით ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენს გვერდით ფიზიკურად ყოფილიყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო ისინი შეკრებაზე მოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით თვალს გვადევნებენ და, რაც მთავარია, ჩვენი შეკრების სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე იზიარებენ.

კარგად გვესმის, რომ ხალხმრავალმა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეკრებამ, შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ზუსტად იცის, რომ, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია.

რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება!

გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100