სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უამინდობა საქართველოში

მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა გომბორის უღელტეხილზე, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

საპატრულო პოლიციის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება ბაკურციხე-თბილისის მთავარ მაგისტრალს, საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, აქ ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობის მონაკვეთსა და ჯვრის უღელტეხილზე. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

რაც შეეხება რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებს, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერმა ყინვამ პრობლემები შეუქმნა ავტოტრანსპორტის მოძრაობას რუსთავშიც. გვიან ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის ცენტრალური ხიდი გადაიკეტა, რამაც საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი შექმნა. მოძრაობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს. ავტოტრანსპორტის გადაადგილებას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

საქართველოში ტემპერატურის ვარდნა და თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვა დღესაც შენარჩუნდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვა, ღამით კი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 19 დეკემბრიდან ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100