საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე - ველომარათონი სტარტს ვაკის პარკიდან აიღებს
22 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომარათონს გამართავს.
მარათონი ხორციელდება ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის (ACCESS) მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის დაფინანსებით.
ღონისძიების პარტნიორები არიან ორგანიზაცია “სიდა”, “ეკოლოგიკა’, “ახალი საზოგადოება”, “იარე ფეხით”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”.
ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან (ჭავჭავაძის გამზ. მხრიდან) და ჭავჭავაძის გამზირის გავლით დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის მონუმენტთან. მარათონის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ მონაწილეებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,
“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წლიდან დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.
კომენტარი