„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
30 დეკემბერი, 2020 – სს „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ამ სექტორში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგეს 9%-ს. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას, შედეგად კი ობლიგაციის მფლობელები სრულად განთავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 29 დეკემბერს.
„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა გალტ & თაგარტს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის.“,- განაცხადა კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
„მსურს მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ამ
მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მე მჯერა, რომ ეს დიდწილად გაამყარებს
ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციებს. ასევე მოხარული ვარ, ავღნიშნო გალტ & თაგარტის როლი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა
და განთავსებაში. საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების
სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის განთავსების
პირველი პრეცედენტი. მიუხედავად კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში
შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული
ინსტრუმენტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა. მსურს მივულოცო
გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატება, დღეისათვის გალტ & თაგარტი
არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს როგორც,
საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,” - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა
დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.
კომენტარი