სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტობუსი ძაღლმა "გაიტაცა"

ეს შემთხვევა სახალისო განხილვის თემად მხოლოდ იმიტომ იქცა, რომ ავტობუსი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ძაღლი „მართავდა“, ავარიაში არ მოყვა. შემთხვევა აშშ–ის ერთ–ერთ შტატში მაშინ მოხდა, როცა ავტობუსის მძღოლმა რიჩარდ მაკკომარკმა მანქანა სუპერმარკეტთან გააჩერა და საყიდლებზე გადავიდა. მან კაბინაში პატარა ძაღლი დატოვა, რომელიც პატრონს მუდამ თან დაჰყვებოდა – მაკკომარკს არავითარი ეჭვი არ გასჩენია, იმის მიუხედავად, რომ ძაღლი მძღოლის სავარძელზე გადასკუპდა და თათები საჭეზე დააწყო. ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ძრავა კი გამორთო, მაგრამ ხელის სამუხრუჭე სისტემის ამოწევა საჭიროდ აღარ ჩათვალა, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი საყვარელი ძაღლი ავტობუსს „გასტაცებდა“...

დაძრული ავტობუსი გამვლელმა მამაკაცმა შეამჩნია და ისიც კარგად დაინახა, რომ საჭესთან... ძაღლი იჯდა. მამაკაცმა გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მიიღო – ნელა მოძრავ, დაგორებულ ავტობუსს გაეკიდა, დაეწია და მძღოლის კარი გარედან გააღო, მერე კი, კაბინაში შესულმა, ძაღლს მსუბუქად უბიძგა. მართალია, ძაღლს დიდად არ ესიამოვნა კონკურენტის გამოჩენა და წკმუტუნით გამოხატა უკმაყოფილება, მაგრამ მამაკაცმა ხელის მუხრუჭის ამოწევა მანამ მოასწრო, სანამ ავტობუსი, რომელიც თანდათან კრეფდა სიჩქარეს, რომელიმე მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახებოდა.

გაოგნებულმა ავტობუსის მძღოლმა მალევე გამოჩენილ ჟურნალისტებს უამბო, რომ ძაღლი ყველგან თან დაჰყავს და, როგორც ჩანს, ცხოველი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მის მოძრაობებს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ როცა გამვლელმა ავტობუსის უცნაური მძღოლი შენიშნა, იგი ყურადღებით იცქირებოდა წინ და საჭესაც კი ატრიალებდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100