სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვაა, პელე?!" - ფეხბურთის მეფე თბილისში ჩამოდის

გაზეთ ,,ლელოს“ ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში ,,ფეხბურთის მეფედ“ წოდებული, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგანგებო ელჩი, პელე ჩამოვა. ედსონ არანტოს დუ ნასიმენტუ, საპატიო სტუმრის რანგში საქართველოს 23–24 ნოემბერს ეწვევა.

მისი ვიზიტი ფეხბურთში ოთხთა საერთაშორისო-საქველმოქმედო ტურნირს უკავშირდება, რომელიც 23-29 ნოემბერს თბილისშია დაგეგმილი. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებები.

თბილისის ტურნირის ორგანიზატორია ,,საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების ფონდი.“

პელე საფეხბურთო ელჩის რანგში ტურნეს თბილისიდან იწყებს. შემდეგ ეწვევა საფრანგეთს, გერმანიასა და ინგლისს.

ალბათ, უპრიანი იქნება, თუკი გავიხსენებთ სტატიას თანდართულ ფოტოსთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელიც პელეს და ქართველ ფეხბურთელებს (თუმც, სსრკ-ს ნაკრებში მოასპარეზე) უკავშირდებათ:

"1965 წელს, მოსკოვში, სსრკ-ისა და ბრაზილიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა. იმ მატჩში საბჭოელების რიგებში ვლადიმერ ბარქაიამ, გიორგი სიჭინავამ, სლავა მეტრეველმა, ანზორ კავაზაშვილმა და მიხეილ მესხმა იასპარეზეს. გაივლის დრო და მესხი ერთ ფაქტს გაიხსენებს: ,,თამაშის დროს ერთ ეპიზოდში ფეხბურთის მეფე და მე ახლოს აღმოვჩნდით. მე ზურგით ვიდექი, როგორღაც ვიგრძენი, ფეხებგაჩაჩხული იდგა. ამით ვისარგებლე, ისეთი მოძრაობა გავაკეთე, ვითომ ბურთს ვაჩერებდი. სინამდვილეში ბურთი გავატარე, პელეს ფეხებშუა გავუძვრინე. შემოვტრიალდი და ბურთს გამოვეკიდე. პელე შეცბა, ერთბაშად ახარხარდა, წამომეწია, ზურგზე შემახტა და კოცნა დამიწყო. კარგა მანძილზე ვატარე ასე, ზურგზე შემომჯდარი.” ვლადიმერ ბარქაიას ჟერსონის მეურვეობა ჰქონდა დავალებული, გიორგი სიჭინავას კი პელესი. მატჩის დაწყებიდან 15 წუთი რომ გავიდა, ბარქაია სიჭინავას მიუახლოვდა და, - მოდი, ამათ ,,აყვანას” თავი დავანებოთ, ვუცქიროთ და დავტკბეთო, — უთხრა. იმ პერიოდში ხმები დადიოდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პელემ საკუთარი მაისური გიორგი სიჭინავას გაუცვალა. ამ ფაქტს სიჭინავა დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს ("ტრიბუნა", 22.12.2010)."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100