სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული (ჭორიკანა დაქალები და შეშინებული ქმარი)

ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26907

(ჭორიკანა დაქალები და შეშინებული ქმარი)

ხელის თხოვნის სცენიდან ქორწილის მოგონებების ჩართვას აპირებდა მისი გონება, მაგრამ ნინოს ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.

-სალომე შენ გელაპარაკები.

-ჰო, რა?

-რა გჭირს?

-არაფერი

-უცნაურად იქცევი ძალიან, თან დათისაც არ დაურეკავს, არადა მეორე დღეა აქ ხარ, აქამდე ასჯერ ამოვიდოდა და წაგიყვანდა. ხო არ იჩხუბეთ?

-არა, არა - მწარედ იუარა სალომემ - სამსახურის ამბებზე ვფიქრობიდი, რაო რას ამბობდით?

-რას და გოგოებს გაგვიმარჯოსთქო, აი ასე კაცების გარეშე გართობას და ქალურ სოლიდარობას გაუმარჯოსთქო და კიდევ ცუდია ეკა, რომ ვერ ამოვიდათქო.

-გაუმარჯოს - ჭიქა ასწია სალომემ - და ეკა რატომ არ ამოვიდა? - დათის უყურადღებობიდან ეკაზე ყურადღების გადატანის მიზნით იკითხა სალომემ. კარგად იცოდა ეკა რატომაც ვერ ამოვიდა და ისიც იცოდა ეს კითხვა საუბარს სხვა კუთხით წაიყვანდა.

-უფ რა გიკვირს, არ იცი მაგის ამაბავი? ქმარმა არ გამოუშვა ალბათ

-ქმარი რა შუაშია, არამგონია არ უშვებდეს, პროსტა თვითონ შეიცვალა გათხოვების მერე, არაფერი აღარ უნდა ბორშის კეთების და პილასოსით სირბილის გარდა - ნინოს ვარაუდი გააქარწყლა მაიკომ

-ხო მართალი ხარ, მაგრად გაუბერა მაგ გოგომ - დაეთანხმა ნინო

-გაუბერა რა შუაშია? არ ყავს მაგას დამლაგებელი სახლში და ვინ გაუკეთებს აბა ბორშს?

-ეგეც მაგის უაზრო წიკია, ჩემ სახლში უცხო ქალს ვერ შემოვუშვებო და ალაგებს თვითონ. შტერია, აი ძაან არაადეკვატური შტერი, რა პრობლემაა არ მესმის, გილაგებს ის უცხო ქალი, ხომ არ ურევს? - ცხვირი აიბზუა ნინომ

-იქნებს ეშინია, რო ქმარი არ წაართვას დამლაგებელმა? - გაიცინა მაიკომ

-ვის რაში ჭირდება მაგის ქმარი გეხვეწები რა - დაიჭყანა ნინო - და რომც ჭირდებოდეს, დაუწერელი კანონია დამლაგებელი და ძიძა ბებერი, მახინჯი და სოფლელი უნდა იყოს. ეკა არის მაზოხისტი და ავადმყოფი.

-არაფერი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ დამლაგებლის დასაქირავებლად ფული არა აქვს.

-კაი არაა - ისეთი სახით გაიოცა ნინომ, გეგონება სოფომ უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ გამოთქვა ვარაუდი

-გეუბნები, ეგრეა!

-რა გაუჭირდა მაგის ქმარს ეგეთი? - სინანულით გადააქნია თავი მაიკომ.

-რა გიკვრის? იმთავიდან უბედური იყო ეგ ბიჭი, რას მიყვებოდა ნეტა ეკა ცოლად - საკუთარი მოსაზრების გამყარებას ცდილობდა სოფო.

-რას მიყვებოდაო ისე ამბობ გეგონება სხვა არჩევანი ქონდა - მწარედ ჩაარტყა მაიკომ,

-კაი ეგრეც არ იყო, უყვარდა თავის ქმარი და მაგიტომ გაყვა, მაგრამ ჩვენ რატომ გვიმალავს თუ ფული არა აქვს? რა მოხდა მერე? ეგეთი სნობები არ ვართ

-უტყდება ალბათ

-რას იზამ ყველასთვის კი არ ყიდულობს ცოლისთვის მანქანას, როგორც სალომეს უყიდა დათიმ

-ქმარმა არა, მამამთილმა მიყიდა მანქანა - საკუთარი სახელის გაგონებისას საუბარში ჩაერთო სალომე - და თანაც, მე ჩემითაც შემეძლო მანქანის ყიდვა - თითქოს თავი იმართლაო ისე დაამატა.

მართლაც ქორწილში მიღებულ საჩუქრებსა და ამ ავტომობილს თუ არ ჩავთვლით საკუთარი ქმრისა და მისი ოჯახისგან არაფერი მიუღია სალომეს. თავისი შემოსავალი ჰყოფნიდა თავის სარჩენად, ოჯახს გარეთ ეს არავინ იცოდა და ყველას ეგონა, რომ ქმრისა და მამამთილისგან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა.

ერთხელ დათის მეგობრის ქორწილში ჩვეულებისამებრ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, გემოვნებით ეცვა და ბევრი კომპლიმენტი მიიღო. „რატომაც არა გენაცვალე, დათის ცოლია და არ გაუჭირდება თავის მოვლა, ამიტომაც გამოიყურება ყოველთვის ასე საოცრად“ - თქვა დათის ერთ-ერთი მეგობრის ცოლმა.

სალომემ გაიღიმა და სახე გვერდით მდგომი ქმრისკენ მიაბრუნა. დათი გაწითლდა, შეიძლება ეგონა სალომე იტყვის ჩემით ვყიდულობ ყველაფერს და თავსაც ჩემი ფულით ვუვლიო, მაგრამ ეს არ მომხდარა. სალომემ ამაყად გაიღიმა, ქმარს მიეყრდნო, წელზე ხელი მოხვია, ლოყაზე აკოცა და „მე მსოფლიოში საუკეთესო ქმარი მყავსო“ ღიმილით თქვა.

მეორე დღეს დათიმ ფულის მოზრდილი შეკვრა დაუდო საწოლთან ტუმბოზე, გარდერობი განაახლე და მაპატიე აქამდე ამას, რომ ვერ ვხვდებოდიო.

სალომეს იმ ფულისთვის ხელი არ დაუკარებია, კარგა ხანს იდო იქ სადაც დათიმ დატოვა, მერე კი ახალი დივანი იყიდეს, რადგან ძველი სალომეს დიდად არ მოსწონდა.

არც დედამთილ-მამამთილისგან იღებდა საჩუქრებს, თუ დაბადების დღეს, ახალ წელსა და სალომეობას არ ჩავთვლით, როცა დედამთილი რაიმე სუნამოს ან სამკაულს ყიდულობდა მისთვის.

ავტომობილიც შემთხვევით მოხდა, რომ უყიდეს. სალომეს თანამშრომლის ნიშნობაზე უნდოდა წასვლა კახეთში. დათი მანქანას არ თხოულობდა, მეც მჭირდებაო და ამ საუბარს დედამთილი შეესწრო, რომელმაც მათივე თანდასწრებით უთხრა ქმარს „შენ რა მამამთილი ხარ რძალი ფეხით დაგიდისო“

მეორე დილით სახლთან მიუყვანეს ახალთახალი ავტომობილი. ერთი სული ჰქონდა საჭეს მისჯდომოდა, მაგრამ თავი გაიგიჟა საჩუქარს ვერ მივიღებო, თუმცა როგორც კი დათიმ უთხრა „დაიუტ ბირიო“ დედამთილს გადახევია და სიხარულით ლამის ცეკვა დაიწყო.

ამ საჩუქარმა კიდევ უფრო გააბუქა სანაცნობოში მოსაზრება იმის შესახებ, რომ დათისიანები რძალს ხელის გულზე ატარებდნენ და დიდხანს იყო განხილვის თემა. სალომე ეთანხმებოდა მოსაზრებას ხელის გულზე ტარების შესახებ, მაგრამ რეალურად ეს სულ სხვაგვარად იყო გამოხატული და არა ძვირფასი საჩუქრებით.

ქალაქში იმასაც ამბობდნენ ქმრის ოჯახმა გაუკეთა კარიერაო და არავის არ ახსოვდა, რომ კარიერა ქმრის გაცნობამდე თავად აიწყო. სალომე არ აპროტესტებდა და უფრო მეტიც არ უარყოფდა ამ ჭორებს, რადგან ხვდებოდა დათის მშობლებს მოსწონდათ ნაცნობ-მეგობრებში გაბატონებული ეს აზრი და თანაც ისიც იცოდა თუ საჭირო გახდებოდა მართლაც დაუდგებოდა დათის ოჯახი გვერდით ფინანსურადაც და კარიერული წინსვლის საქმეშიც, ამიტომ ეს ჭორები მთლად უსაფუძვლო ალბათ არ იყო.

-კარგით გეყოთ ეკაზე ჭორაობა, თავისი გაჭირვება ეყოფა - თქვა ანამ

-მოდით ახლა ჩვენს მეორე ნახევრებს გაუმარჯოს - უყოყმანოდ შეცვალა თემა ნინომ - ჩემ თემიკოს გაუმარჯოს, მე რომ მიტანს მაგიტომ გაუმარჯოს, ძალიან რომ ვუყვარვარ მაგიტომ გაუმარჯოს და მეც რო მიყვარს მაგიტომაც გაუმარჯოს!

-თემიკოს გაუმარჯოს! - დაეთანხმნენ გოგოები

-მარტო თემიკოს არა, დათის და ზურასაც გაუმარჯოთ. ეკას ბედოვლათ ქმარსაც გაუმარჯოს, ეკას თუ უყვარს ჩვენი რა საქმეა. ანა რომ ერნესტ ჰემინგუეის რეინკარნაციას იპოვის და ცოლად გაყვება იმასაც გაუმარჯოს და მაიკოს მომავალ ბილ გეითსაც გაუმარჯოს - სადღეგრძელო განავრცო ნინომ.

-ჩვენს ბიჭებს და თქვენს მომავალ ბიჭებს გაიმარჯოთ - ჭიქა მიუჭახუნა სოფომ.

-გაუმარჯოს - დაეთანხმა სალომე.

-შენ ძაან უღიმღამო ხარ, თავი მომაჭერი თუ ეს და დათი ნაჩხუბრები არ იყვნენ - ისევ დაეჭვდა ნინო.

-არა - ისევ უარყო სალომემ.

-არა გოგო, მედვედევის და პუტინის ჩხუბს უფრო დავიჯერებ ვიდრე სალომეს და დათის - გაიცინა ანამ.

-ისე ხო, შენ და დათი განსაკუთრებული წყვილი ხართ, ტიპი თავიდან დაიბადა შენ რო ცოლად მოგიყვანა იმის მერე, რა უქენი ეგეთი?

-ჯადო გავუკეთე - ხუმრობა სცადა სალომემ

- შენ და დათის გაგიმარჯოთ და ყველა იმ ქალს გაუმარჯოს კაცს რო რესტორნიდან გამოათრევს და დივანზე დააბამს - ჭიქა აწია სოფომ.

-დივანზე არა, მემგონი ამას საწოლზე ყავს დათი მიბმული, კაცის ეგრე რადიკალურად შეცვლა, მარტო ლოგინზე გავლით შეიძლება - ივარაუდა მაიკომ.

-მართლა სალო? აგიჟებ დათის ღამ-ღამობით? - ეშმაკურად გაიცინა ნინომ.

-მუცლის ცეკვას ვასრულებ ყოველ ღამე და თუ არ გაჭრა მერე სტრიპტიზის ბოძიც მაქვს საძინებელში - ისევ სცადა ხუმრობა სალომემ.

-კაი, შენ გასაგებია და იმან როგორ გადაგრია?

-დათიმ? - პასუხის მოსაფიქრებლად დროის გაწელვის მარტივი მეთოდი გამოიყენა და კითხვაზე კითხვით უპასუხა სალომემ - რავი, ქიმიაა ჩვენს შორის, სიყვარულის ქიმია.

-აი ეგ სიყვარულის ქიმია გამაგებინა რა მაფიაა და არაფერი მინდა - ტელეფონიდან ისევ ამოწია თავი თეკომ. გოგოებმა სიყვარულის ქიმიაზე კამათი დაიწყეს, სალომე კი ისევ ფიქრებში გადაეშვა.

რატომ მაინც და მაინც დათი? მასზე უფრო სიმპატიური, მასზე უფრო განათლებული, მასზე უფრო პერსპექტიული, მასზე უფრო მდიდარი და მასზე უფრო მზრუნველი ბიჭებიც იყვნენ სალომეს ცხოვრებაში, რატომ აირჩია მაინც და მაინც დათი? დათიმდე 5 შეყვარებული ყავდა და არცერთთან არ დააგვირგვინა ურთიერთობა ქორწინებით.

5 შეყვარებული, ამ რიცხვმა ის უცნაური მოგიჟო-მოაფერისტო კაცი გაახსენა, ბატონი ოკრა. გაახსენდა, რომ ოკრამ ხუთი სეანსის შემდეგ რეალობის უკეთ დანახვის გარანტია მისცა და თუ მაშინ ეს შემოთავაზება ფულის გამოძალვის მეთოდად ჩათვალა ახლა ოკრას სიტყვებში აზრი დაინახა.

ეს უბრალო დამთხვევა არ იყო, ამიტომ სალომემ გადაწყვიტა, ბატონ ოკრასთან ხუთი ვიზიტის შემოთავაზება მიეღო.

კვირას საღამომდე აღარ დარჩა კოჯორში და დილითვე წამოვიდა თბილისში. გოგოებმა ბევრი ხუმრეს ქმარი მოენატრაო. რა იცოდნენ, რომ ქმრის დანახვაც კი არ უნდოდა სალომეს და ვიღაც გიჟი, სავარაუდოდ აფერისტი მამაკაცის, სახელად ოკრას ნახვას ჩქარობდა.

დათი სახლში დაუხვდა, ტელევიზორს უყურებდა. ცოლ-შვილის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა, ნიკოლოზი ხელში აიყვანა და სალომეს საკოცნელადაც გაიწია, მაგრამ ცოლმა თავი აარიდა.

-ერთხელ მაინც დაგერეკა, მე თუ არა შვილი მაინც არ გაინტერესებდა როგორ იყო? - უსაყვედურა ქმარს ინსტიქტურად.

-არ მელაპარაკებოდი და მეგონა უფრო მოგეშლებოდა ნერვები ჩემ ზარზე.

-ხო, მომეშლებოდა.

-აბა რატომ უნდა დამერეკა?

-მაინც უნდა დაგერეკა

-ღმერთო დამიბრუნე ჩემი ცოლი და წაიყვანე ეს უცხო ქალი!

-ღმერთის გარეშეც წავალ, ნუ აწუხებ ტყუილად.

-რა გჭირს სალომე?

-ჯანდაბა

-მისმინე ახლა ამის დრო კი არ არის, უფრო კარგ სიტუაციაში მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ მირიგდები და დრო არ ითმენს

-რა გინდა?

-მოკლედ მამაჩემი საჭირო ხალხს ელაპარაკა და არჩევნებში შეძლებ მონაწილეობის მიღებას, პარლამენტარობა ხომ შენი ოცნებაა.

„ჩემს მოთაფვლას ცდილობს“ - გაიფიქრა სალომემ და გაბრაზდა.

-არ მჭირდება შენი ნაჩუქარი პარლამენტარობა

-ნაჩუქარი არ არის ეს, უბრალოდ მამაჩემი ელაპარაკა და სიაში შეგიყვანენ, შეიძლება ვერც გაიმარჯვოთ არჩევნებში.

-აჰა, ესეიგი მე არჩევნებში ვერ გავიმარჯვებ და შენ საჩუქარი მაინც ჩაგეთვლება არა?

-სალომე კარგი რა

-თავი დამანებე, შენი დანახვაც არ მინდა, ბავშვს მიხედე. მე საქმეები მაქვს. მივდივარ. - უთხრა გაბრაზებული ტონით და სახლის კარი გაიჯახუნა.

ლიფტიდანვე დაურეკა თაკოს და ბატონ ოკრასთან ვიზიტზე გაყოლა სთხოვა. მარტოს შეეშინდა, ჰიპნოზის ქვეშ მყოფს რაიმე არ დამიშავოსო.


(გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27072

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100