სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 1 მაისს იუწყება:

„ქალაქის გამგეობას აზრად აქვს, მომავალ კვირიდან ქალაქის საბჭოს კრებები კვირაში ორჯელ დანიშნოს, ორშაბათობითა და ხუთშაბათობითა, რადგანაც განსახილველ საკითხთა რიცხვი ამ ჟამად ბევრია.

ქალაქის გამგეობასთან მატერიალური განყოფილების დაარსების თაობაზე, 4 მაისს შეერთებილი კრება ექმნებათ ქალაქის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს სარევიზიო, საფინანსო და სამეურნეო კომისიების წევრებს.

ახალი ბანკი. ტფ. ვაჭართა ერთს ნაწილს განზრახვა აქვს, ტფილისში ვაჭართა ბანკი დააარსოს. როგორც გავიგეთ, ძმ. ბოზარჯიანცებს აზრად აქვთ, ამ საქმისთვის 100,000 მან. გადასდონო.

შეიპყრეს სიდონიევის ქუჩაზე მცხოვრები გეორქ სოსიას ძე მანუაროვი, რომელსაც გაჩხრეკის დროს სახლში სხვა და სხვა იარაღი აღმოაჩნდა: მაუზერის რევოლვერი, სანადირო თოფი და მრავალი პატრონა.

თავი მოიკლა საწამლავით თევდორე ვასილის ძე რესნენკომ, რომელიც სულით ავადმყოფი იყო და სახლში დედმამასთან სცხოვრობდა.

სოფლად:

სამშაბათს დღით თორმეტ საათზე მდ. ყვირალაში იპოვეს დამხრჩვალი კაცი, რომელსაც ამოაჩნდა ჯიბეში რევოლვერი მაუზერის სისტემისა ათი პატრონით. იგი აღმოჩნდა ცნობილი ყაჩაღი ლაბაძის პარტიისა შალამბერიძე, რომელმაც ამ ოთხი წლის წინად თავისი მამა მოჰკლა და ყაჩაღად იყო გავარდნილი. დანარჩენ ყაჩაღების მოსაძებნად სასტიკი ზომებია მიღებული. ვიცე გუბერნატორი ქუთაისისა ამ ჟამად ყვირილაში იმყოფება.

განცხადებანი:

როგორ უნდა გადაურჩეთ გადამდებ სენს? მაგალითად ხოლერას, სახადს, ქუნთრუშას, ყვავილს, წითელას, ათაშანგს, ქავანას? უპირველესად საამისოდ საჭიროა მეტის-მეტი სიფაქიზე. აუცილებლად საჭიროა, ყოველთვის პურის ჭამის დროს არამც თუ დაიბანოთ ხელები, არამედ დეზინფექციაც გაიკეთოთ. ამისთვის კი განსაკუთრებით კარგია გადამდებ სენის მოდების წინააღმდეგ საგანგებოდ დამზადებული „N 4711 სამკურნალო საპონი“, როგორ უნდა იხმაროთ, ეს აწერილია (რუსულად და გერმანულად) საპნის გასახვევ ქაღალდზე.

განსაკუთრებით გირჩევთ: „N 4711 კარბოლის საპონი“ (ავადმყოფთა საცვლების გასარეცხად კარგია), „N 4711 მდოგვის საპონი“ და N 4711 სულემას საპონი“.

„N 4711 სამკურნალო საპონი“ იშოვება ყველა აფთიაქებსა, სააფთიაქო და საპარფიუმერიო მაღაზიებში, თითო ნაჭერი ორი შაურიდან დაწყებული.

სყიდვის დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყოველ ნაჭერს ეწეროს „N 4711“ მხოლოდ ეს იქნება თავდები, რომ საპონი კარგის ღირსებისაა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100