საქართველოში უსამართლო წესით უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლეა დანიშნული -თორნიკე ართქმელაძე
“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ნომინირების წესს.
ართქმელაძის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, იუსტიციის უმღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, თუ რატომ წარადგენს ამა თუ იმ პირს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო ცვლილებების შედეგად საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული უსამართლო წესით უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულია 14 მოსამართლე.
“მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყებისთანავე აქტიურად ვაპროტესტებდით მოსამართლეთა წარდგენის ამ წესს, იმავეს მოითხოვდნენ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა განსხვავებული აზრი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა წარდგენის მოქმედი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა, თუმცა იმის გამო, რომ მურუსიძე-ჩინაჩალაძის კლანის დანიშნულმა ვასილ როინიშვილმა თვითაცილება განახორციელა, ხოლო კლანის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა ამ წესს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმები გაიყო 4-4 ზე, რის გამოც ცვლილებები ვერ მოხერხდა. პარადოქსულია, თუმცა აშკარაა, რომ ის პოზიცია, რაც ჰქონდა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს უკვე შეცვლილია. ხელისუფლებამ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა ის 4 მოსამართლეც კი, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს უსამართლო წესი უცვლელად დარჩენილიყო,”-აცხადებს ართქმელაძე.
ართქმელაძის განმარტებით, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა მათ სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ქართული ოცნების ხელისუფლებას რომ ნამდვილად ეს სურდეს, ამ აუცილებელ ცვლილებებს მაშინ შეიტანდა კანონში. სამწუხაროდ, დღეს აღნიშნული ცვლილებების გატარება ვერანაირ შედეგს ვეღარ მოგვცემს ამ დაჭაობებული სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გზაზე.
კომენტარი