18 ქართველი ელჩი თანამდებობას ტოვებს
18 ქართველი ელჩი თანამდებობას ტოვებს. იცვლება საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ასევე ეუთოში.
მისიებს ტოვებენ ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის და და უნგრეთის დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები.
სამშობლოში ბრუნდება ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი.
მთავრობის წარმომადგენლების მიერ ელჩებზე საუბრის დროს ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ სამადაშვილის მიმართ ისმის. თუმცა ევროპარლამენტის საინიციატივო ჯგუფმა ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა, რომელსაც პარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი აწერს ხელს.
ევროპელი კანონმდებლები სალომე სამადაშვილის ბრიუსელში საქმიანობას აფასებენ და მის მაღალპროფესიონალიზმზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ სამადაშვილი თავის საქმიანობას მაღალ დონეზე ასრულებდა და არც ერთი პარტიის პოლიტიკურ ინტერესს არ ემსახურებოდა.
ელჩების გათავისუფლების პარალელურად, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მათ სავარაუდო შემცვლელებზე, იმ კანდიდატებზე, რომელთა სიასაც სამინისტრო პრეზიდენტს გადაუგზავნის.
სალომე სამადაშვილის ადგილს თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს, იტალიაში ელჩი დიპლომატი კახა სიხარულიძე იქნება, საფრანგეთში - ექსპერტი არჩევნების საკითხებში ეკა სირაძე, ჩეხეთში პარლამენტარი ზაზა გოგსაძე, ეუთო-ში კოტე ზალდასტანიშვილი.
იმ ელჩების ნაწილს კი, რომელთაც პოსტის დატოვება უწევთ, ვადა წელს ეწურება, თუმცა ისინი დროზე ადრე დატოვებენ თანამდებობებს, ნაწილს კი ვადა კიდევ რამდენიმე წელი ჰქონდა.
ელჩების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი მისამართით არსებული პრეტენზია უსაფუძვლოა. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს არ ატარებდნენ და მხოლოდ საგარეო უწყებიდან წამოსულ ინსტრუქციებს ასრულებდნენ.
კომენტარი