მიხეილ სააკაშვილმა მაღლივის ხიდიდან ხტომის დროს დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა
ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღლივი კორპუსის ხიდიდან „როუფ ჯამფინგის“ დროს გარდაცვლილი 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილი პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი...“-ნათქვამია მიხეილ სააკშვილის სამძიმრის წერილსი.
შეგახსენებთ, რომ ორი ახალგაზრდა თსუ-ის მაღლივი კორპუსის ხიდთან „როუფ ჯამფინგის“ დროს დაიღუპნენ.
უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა დასრულებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა ერთად გადახტა ხიდიდან, რომლის სიმაღლეც 50 მეტრია. გადახტომის დროს კი თოკი გაწყდა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ადგილზე გარდაიცვალნენ.
მაღლივის ხიდზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 15 ივლისს, გვიან ღამემდე იკითხებოდნენ ღონისძიების ორგანიზატორი მთავმსვლელი ირაკლი გუჯაბიძე და სხვა ინსტრუქტორები.
კომპანია EXTREAM TEAM, რომელიც „როუფ ჯამფინგის“ ორგანიზატორია ბიძინა გუჯაბიძის ვაჟს, ირაკლი გუჯაბიძეს ეკუთვნის.
ირაკლი გუჯაბიძე მზად არის პოლიციასთან ითანამშრომლოს.
კომენტარი