სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქზე“ ივანიშვილის გვერდზე, თურმე ხელისუფლების დაბლოკილმა „ლაიქებმა“ ამოხეთქა

უკვე მერამდენედ, სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა ფბ-ზე ბიძინა ივანიშვილის გვერდის მომწონებელთა რიცხვის კატასტროფული სიჩაქარით ზრდის საკითხი. დაახლოებით ერთი კვირის წინ „ფეისბუქის“ ქართულენოვანმა მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე მის მომწონებელთა რაოდენობა დაუჯერებელი სიჩქარით იზრდებოდა, რაზეც რამდენიმე მომხმარებელმა სტატუსიც გამოაქვეყნა.

ისეთი სტატუსების ავტორები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი „დალაიქების“ ზრდის არადამაჯერებლობა და რომლებმაც სტატუსში მონიშნეს მილიარდერის ოფიციალური გვერდი, როგორც ადრესატი (ფბ საშუალებას იძლევა, რომ ასეთ დროს სტატუსი მოხსენიებული ანგარიშის მფლობელის გვერდზეც გამოქვეყნდეს),

გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დაიბლოკნენ. დაბლოკილთა შორის აღმოჩნდა ასევე „დრონი.ჯი“-ს რედაქტორი, რომელმაც საკუთარ კედელზე მხოლოდ იკითხა, რამდენად ბუნებრივი იყო მოკლე დროში ბიძინა ივანიშვილის გვერდის მომწონებელთა ასეთი თვალშისაცემი ზრდა.

ბოლო დღეებია, სიტუაცია ამ მხრივ არათუ გამოსწორდა, უკვე კომიკურობამდეც მივიდა. ივანიშვილის ოფიციალური გვერდის მომწონებელთა რაოდენობა იმდენად სწრაფად მატულობს, რომ ამან მილიარდერის თანამოაზრე ფეისბუქელების გაღიზიანებაც კი გამოიწვია:

„ვეღარ აჩერებენ! გააჩერეთ, თორემ გადააჭარბებს საქართველოს მოსახლეობის აღრიცხულ რაოდენობას და თავი მოგვეჭრება!“ - ასე მახვილგონივრულადაც გაიხუმრეს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა, კომენტარი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ წუთში წაიშალა.

შეამჩნია რა, რომ სიტუაციამ უკვე აშკარად უხერხული სახე მიიღო, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა. ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას ისინი თვითნებურად, თავიანთი სურვილით არ გამოაქვეყნებდნენ და ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმებდნენ.

ოფიციალური განცხადების შინაარსმა არანაკლები მხიარულება გამოიწვია, ვიდრე თავად ფაქტმა. განცხადებაში გვერდზე „ლაიქების“ მოზღვავება ხელისუფლებას ბრალდება, კერძოდ კი ნათქვამია, რომ ფბ-მ ახლა ამოყარა ხელისუფლებისგან დაქირავებული ჰაკერების მიერ დაბლოკილი გვერდის „ლაიქები“, რამაც მომწონებელთა რაოდენობის მასობრივი ზრდა გამოიწვია. მომწონებელთა ზრდის მატება ამავე განცხადებაში გვერდზე რეკლამების მატებითაცაა ახსნილი.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციამ გაავრცელა:

„ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკალმების რაოდენობა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ ვებგვერდებზე. ამასთან ერთად, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ინტენსიურად იხსნება რეგიონალური ოფისები, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, შესაბამისად გაიზარდა ოფიციალურ გვერდზე შემსვლელთა და მომწონებელთა რაოდენობა.

თუმცა, უკანასკნელ საათებში ოფიციალურ გვერდზე უჩვეულოდ იმატა ე.წ. მოწონება - „ლაიქების“ რაოდენობამ. როგორც ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, ხელისუფლების მიერ დაქირავებული ჰაკერთა ჯგუფი რამდენიმე თვეა ბლოკავს ჩვენი გვერდის მოწონებას -„ლაიქებს“, ახლა, შესაძლოა ამოვარდა ეს დაბლოკილი „ლაიქები“ და ამიტომაც რამდენიმე საათში ჩვენს გვერდზე არსებული „ლაიქები“ მკვეთრად გაიზარდა”.

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე, ამ განცხადების კომენტარებში ამ დრომდე იწერება კრიტიკული აზრები განცხადებაში გამოთქმული ვერსიის მიმართ, თუმცა, კომენტარები მალევე იშლება. აი, ერთი მათგანი: „ ხელისუფლების მიერ დაქირავებული ჰაკერთა ჯგუფი რამდენიმე თვეა ბლოკავს ჩვენი გვერდის მოწონებას -„ლაიქებს“, ახლა, შესაძლოა ამოვარდა ეს დაბლოკილი „ლაიქები“ და ამიტომაც რამდენიმე საათში ჩვენს გვერდზე არსებული „ლაიქები“ მკვეთრად გაიზარდა“ - ეს ან წაშალეთ, ან ახსენით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება ტექნიკურად, მთლად ნუ დამიკარგავთ თქვენზე წარმოდგენას!“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100