სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „მე გეტყვით, რა იქნება არჩევნების შემდეგ...“ (ვიდეო)

8 სექტემბერმა კიდევ ერთხელ დაანახა სრულიად საქართველოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ყველაზე კარგად ორგანიზებული, მონოლითური პოლიტიკური გაერთიანებაა. საქართველოს 11 ქალაქში, დედაქალაქის ჩათვლით, პარტიის ყრილობა ჩატარდა. მინიმუმ ერთსაათიანი, მაქსიმუმ კი ორსაათიანი შუალედებით ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში ყრილობის ჩატარებას, შესაძლოა, ის მიზანიც ჰქონდა, რომ მითი აქციიდან აქციაზე ერთი და იგივე ადამიანების ტარების შესახებ საბოლოოდ დამსხვრეულიყო.

შედეგმა ყველაზე ოპტიმისტთა მოლოდინსაც კი გადააჭარბა: უამრავი ხალხი ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში და სხვა ქალაქებში, გადაკეტილი ქუჩები, თავიანთი სურვილით მიტინგზე მიმავალი ხალხი - მსგავსი პოლიტიკური აქტივობით აქამდე არცერთი პარტია არ ყოფილა გამორჩეული...

ყრილობის დაგვირგვინება იყო თბილისში, სპორტის სასხლეში ჩატარებული თავყრილობა, სადაც უამრავმა მსურველმა ვერ შეძლო მოხვედრა. იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მნიშვნელოვანი, ყველასთვის საინტერესო ტექსტების შემცველი გამოსვლები თითქმის ყველა ქალაქში, იყო საქართველოს პირველი ლედის მეგრული საუბარი ზუგდიდელებთან, თბილისის მერის ემოციური გამოსვლა... მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ასეთი თავყრილობების დასავლურ, საუკეთესო სანახაობრივ შეხვედრებს ახასიათებს, გუშინ საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში იყო წარმოდგენილი.

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ სხვადასხვა ადგილას გამოსულთა ციტატებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და განხილვის საგანი გახდა სხვადასხვა ფორუმზე:

მიხეილ სააკაშვილი:

კონკურენტებზე -

„რამდენიმე დღის წინ, როგორც 90-იან წლებში, დაგვიპირეს ისევ პანკისობა და ლეკიანობა და თქვენ ნახეთ ქართული სახელმწიფოს პასუხი. მე მინდა ვუთხრა ყველას, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვისაც სინანული არ გამოუთქვამთ ჩვენი ბიჭების დაღუპვის გამო, რომლებიც კახეთსა და საქართველოს იცავენ და დღემდე მოსთქვამენ ტერორისტების ბედის გამო - თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო!“

"რაღაც ძალიან ბევრია დასანგრევი შენობები. არც ერთი ბულდოზერი არ ეყოფა ამის ნგრევას. ასე რომ, მნგრეველების, მღრნელების, ქურდების დრო საქართველოში არასოდეს არ დადგება".

„ვისაც საქართველოს საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს სტუდიაში და იმღეროს უნიჭო სიმღერები.“

„პუტინი ამბობს, ომი მე დავიწყეო, მაგრამ არიან ქართველები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერში საქართველოა დამნაშავე.“

„ვერავინ დაემუქრება მასწავლებლებს დაჭერით, შეუძლია დაემუქროს, მაგრამ შეჭამოს უკან თავისი სიტყვები“.

„რასაც ჩვენ ვქმნით, ამას ჰქვია ნამდვილი ოცნების ასრულება და არა ისეთი, რომელსაც რუსეთი და მისი დამქაშები გვპირდებიან“.

„ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს , ბანდიტებს და სამშობლოს გამყიდველებს. ვარდების რევოლუცია ამ მოედნიდან დაიწყო (ზუგდიდი, თავისუფლების მოედანი, - რედ.).

აქ მაშინ სხვანაირი მოედანი იყო, ჩაბნელებული იყო. მახსოვს, იმ დღეს აქ ძალიან წვიმდა, დღევანდელივით მზიანი ამინდი არ იყო, მაგრამ მაშინაც იყო ჩემს გულში სითბო, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი იყო აქ, მათბობდით, მამხნევებდით, მეუბნებოდით, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველა პოლიტიკოსი თბილისში ენას რომ აჭარტალებდა, რომ შევარდნაძე ცხრათავიანი გველეშაპია, მაგის დამმარცხებელი ძალა არ არისო, ჩვენ ზუგდიდიდან ვთქვით, ჩავალთ და რამდენიმე დღეში აღარ იქნება, ჩავედით და რამდენიმე დღეში აღარ იყო.

ეს შეუძლია სამეგრელოს და ეს შეუძლია ზუგდიდს. აქ არიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ იმ წვიმიანი დღის შემდეგ და ჩვენ გვიპირისპირდება ხალხი, რომელიც იმ წვიმიან დღეს მართავდა საქართველოს და მათ ამ ბავშვებს უნდათ რომ მომავალი წაართვან, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ასეთი გამოცდილები, რომ ვერავინ წაგვართმევს ჩვენი შვილების მომავალს!“.

„1 ოქტომბერი იქნება რუბიკონი იმ ძალებისთვის, რომლებსაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდათ და ამ ძალებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვთ, ეს ხომ აბსტრაქტული რაღაც არ არის. აგერ თქვენ გამოგიგზავნეს ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში, სამტრედიაში, ჩვენ რომ ვიყავით "ნაციონალურ მოძრაობაში", მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით! ყურებზე გავიარეთ. არ უნდოდა იმ ხალხს. არ მოსწონდათ. იქ ვერ აყრევინებენ კენჭს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც არის. რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ "სექენდ ჰენდი" შემოგტენონ მაინცდამაინც თქვენ?( რუსთავი-რედ)“.

„მომავალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დაუბრუნდნენ ეპოქას, როდესაც მათ მაგივრად კრემლში იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ერთი ქართველი პოლიტიკოსი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, ეგ რომ გამეკეთებინა, პუტინი თავს მომაძრობდა და დედას მიტირებდაო. გვყავს კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი წყვეტს, რა უნდა გააკეთოს საქართველოში.

წარსულის ყველა სახეს აქვს კონკრეტული სახელი და გვარი – თავისი სახე აქვს 12-ჯერ სეკვესტრირებულ ბიუჯეტს, ლეკიანობას, პანკისში მოთარეშე ბანდებს, საერთაშორისო სასამართლოში სამშობლოს წინააღმდეგ ჩივილს, ასლანის რეჟიმს - იხილეთ ისინი კონკურენტი პარტიის სიაში.

საკუთარ კარებში გოლების გატანას დაჩვეულ ხალხს ჰგონია – რა მნიშვნელობა აქვს სად გაიტან გოლს, საკუთარ თუ სხვის კარში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიწყო ომიო. ჰგონიათ, ლამაზ ოცნებას ამოეფარებიან და ხალხი ვერაფერს მიხვდება, მაგრამ ჩვნი ხალხი ბრძენია. ჩვენ გულზე გვაწერია – მე მიყვარს საქართველო, მათ კი სურთ თავადც ეწეროთ. თუ შენ სიაში სვამ ადამიანს, ვინც საქართველოს უჩივის, შენ არ გიყვარს საქართველო. როცა ძველი, ლურჯი ან ჭრელაჭრულა დროშით შენი ქვეყნის დროშის ჩანაცვლებას ცდილობ, არ გიყვარს საქართველო!".

"თქვენ, ახალგაზრდებს, გჭირდებათ ისინი პარლამენტში, რომლებიც თქვენც გაგიკაფავთ გზას. ესმით თქვენი პრობლემები და მე და სხვა დანარჩენებმა, მუმიებს კი არ უნდა გადავაბაროთ, ჩვენი ხელისუფლება, თქვენ უნდა გადმოგაბაროთ, ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო, ჩემო შვილებო!“

რუსეთზე -

„რუსეთს ჰქონდა სამი ამოცანა – საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება და ნატო-ს გაფართოების შეჩერება. ვერ დამამხეს, ვერც მე დამკიდეს ვერაფრით, ვერც ერთი მხრიდან, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება ვერ მოახერხეს. მედვედევი ისტერიულად იმეორებდა, ნატოს გაფართოება ხომ შევაჩერეთო, მაგრამ ორი დღის წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა - ნურას უკაცრავადო და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“.

"ერთი და იგივე წრეში გვატარებენ, როგორც ციყვს ბორბალში, გვეუბნებიან, არ გვინდა გაჩმახება, მივიდეთ რუსეთთან, გამოვაცხადოთ მშვიდობა და ველაპარაკოთ პირდაპირ აფხაზებს და ოსებს. კაცო, ის რუსეთი პირდაპირ იძახის, რომ აფხაზები და ოსები არაფერს არ ნიშნავენო, ჩვენი გეგმა იყო, ჩვენი გეგმის ნაწილი იყვნენ და ჩვენ გავაკეთებინეთ ყველაფერიო.

1994 წელს შევარდნაძემ მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და აფხაზეთი აჩუქა. შევარდნაძეს, რომ ხელი არ მოეწერა, საინტერესოა, რომელი რესურსებით შეინარჩუნებდნენ აფხაზები გალს ან ოჩამჩირეს, ხალხი არ ჰყავთ ამდენი. ახლა გვეუბნებიან, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო აღიარებს მათ ოკუპანტად, მოდით, ჩვენ თვითონ მოვუწეროთ ხელი მათ რაზეც უნდათ და მერე რაღაცნაირად გაგვიჩარხავს საქმეს აფხაზეთთან და ოსეთთანო".

„ჩვენმა მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა გამოგვიგორონ, ქართველი ხალხი არ მოტყუვდება, პირველი ოქტომბერი ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალებაა!“.

ქვეყნის მომავალზე -

"ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას. ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, რუსებს ვერ გადავახტებით თავზე, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ თუ მივალთ იქით, უნდა მივიდეთ მონებად, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვუთხრათ, აჰა, მოვედით! ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გინდა ის გვიქენი! ასეთ შემთხვევაში რა დღე დაგვადგება, ძალიან კარგად ვიცით..."

"დღეს ხშირად მესმის შეშფოთებული კითხვა სხვადასხვა ადამიანებისგან: რა იქნება არჩევნების შემდეგ? მე გეტყვით რა იქნება არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მეტ სარგებელს. არჩევნების შემდეგ დაიწყება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა. არჩევნების შემდეგ იქნება ის, რომ აქტიურად ამოქმედდება დასაქმების სამინისტრო. უამრავ ჩვენს მოქალაქეს გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები. არჩევნების შემდეგ დაარიგებენ 1000 ლარიან ვაუჩერებს. შევქმნით სოფლის მეურნეობის ტექნიკას. არავის არ მიეცემა სიტუაციის არევის შესაძლებლობა, საქართველოს წინსვლის შეჩერების უფლება. იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს წარსულის ნაცვლად. თავისუფლებას მონობის ნაცვლად, პროგრესს რეგრესის ნაცვლად. აირჩევს პარტიას, რომელსაც ბოლომდე აქვს მისაყვანი საქმე. აირჩევს "ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთ ევროპულ ძალას, ჩვენი წინსვლის გადამრჩენელ ძალას. ეს ერთადერთი სწორი არჩევანი დამოუკიდებელი, თავისუფალი, წელში გამართული ერთიანი საქართველოს ასაშენებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ!"

ხალხზე: -

„ამბობენ, სააკაშვილს ყრილობაზე აქეთ-იქეთ დაჰყავს თავისი ხალხიო, მაგრამ ასეულობით ათას ადამიანს ვერტმფრენით ვერ ატარებ. დღეს შევიკრიბეთ უფრო მეტი ხალხი, ვიდრე ოდესმე ამ მოედანზე შეკრებილა (თელავში,- რედ.). ვიღაცები ამბობენ, რომ სააკაშვილს აქეთ-იქეთ დაჰყავს ხალხიო. დღეს ასეულობით ათასი ადამიანი ვნახე, შეიძლება 500, 700 ან 600 ათასი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვერტმფრენით ამდენი ადამიანი არავის გადაუყვანია და მე აქ ვერტმფრენით ჩამოვედი. ყველანი კახელები ხართ და არავის არავინ არ ჩამოუყვანია. აქაურები ვართ, მაგრები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ!"

„გურია ჩემი ახალი გატაცებაა და ვეღარ მომიშორებთ თავიდან, სანამ ყველა გურული თავს კარგად არ იგრძნობს.“

„მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ქუჩაში ამდენი ხალხი. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული , არასოდეს ჩვენს ისტორიაში, არც ეროვნული მოძრაობის და არც ვარდების რევოლუციის დროს, ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა. პირევლი ოქტომბერი არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა თავისუფლება და გვინდა თუ არა მომავალი. აქ უკვე აღარ არსებობს პარტიული დაყოფა. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მომავალი ჩვენი შვილებისთვის და ამას გავაკეთებთ.

ჩვენმა მტერმა მოახდინა მთელი მობილიზაცია. 2 მილიონი შემოყარა რამდენიმე თვის წინ, ბოლო ფალავანი შემოყარა და რაც ომით და ემბარგოთი ვერ მიაღწია გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე მიაღწიოს, მაგრამ საქართველო ჟინჟილაკებზე არ იყიდება. ასევე, დღევანდელი დღე არის პასუხი ლობისტებზე, რომლებიც რუსულ ფულს ხარჯავენ, რომ საქართველო სხვანაირი დაანახონ. ყოველთვის შეიძლება მოისყიდო ცალკეული ქართველები და უცხოელებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში არც საქართველო და არც დემოკრატია არ გაიყიდება, ჩვენ გავხდებით დემოკრატიული სამყაროს განსაკუთრებული ნაწილი. ეს მართლა რუბიკონია, რადგან პირველი ოქტომბერი იმ ძალების ბოლო გაბრძოლებაა, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა".

დავით ბაქრაძე:

„თუ დღეს დავსვამთ შეკითხვას, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ, რა თქმა უნდა ყველა იტყვის რომ არის. ამის მიუხედავად საქართველო ჯერ არ არის ისეთი, როგორიც ეკადრება ქართველ ხალხს და როგორიც სურს რომ იყოს.
ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა უნდა გაგრძელდეს მომავალ წლებშიც. დღეს არის გაჭირვებაც და პრობლემებიც, მაგრამ ყველა ოჯახმა იგრძნო, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანაა, იმიტომ რომ დედებს აღარ ეშინიათ შვილების ღამით გაშვება, ქვეყანა განათდა, აღარავინ ამცირებს ადამიანებს და აღარ სთხოვს ფულს. ნაგვის და ვირთხების ქალაქის ნაცვლად, თბილისი დღეს სინათლის და სისუფთავის ქალაქია.

დღევანდელი კანონიერი ქურდი უმუშევრობაა და მასაც უნდა ამოეკვეთოს ფეხი და ამ ბრძოლაში ერთობაა საჭირო. უკან გველოდება იგივე უფსკრული - შევარდნაძის სიბნელე, კახა თარგამაძის ფეოდალიზმი და მექრთამეობა. კრიტიკას ვერ მივიღებთ მისგან, ვინც 10 წლის წინ მილიონებს შოულობდა თქვენი წილი ელექტროენერგიის გაყიდვით, ყაჩაღების სათარეშოდ გტოვებდათ და კარგად ცხოვრობდა, გყვლეფდათ და ქრთამს გართმევდათ. იყვნენ უკმაყოფილოები, რადგან მათი კმაყოფილება ნიშნავს ჩაბნელებულ საქართველოს, გაყინულ პენსიას, კრიმინალის და ქურდის ბოგინს და დანარჩენი 5 მილიონი იყავით კმაყოფილი იმით, რასაც გავაკეთებთ.

საქართველოს ბევრი მიტინგი და შეკრება ახსოვს, მაგრამ დღევანდელი დღე გამოჩეულია, დღეს ხალხი არა ვინმეს წინააღმდეგ იკრიბება, არამედ იმიტომ, რომ ემსახუროს საქართველოს გამარჯვებას.

"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. ღმერთმა დაგვიფაროს, პარტიული ინტერესი საქართველოს ინტერესისგან გავმიჯნოთ. ამიტომ ვიქნებით ყოველთვის გამარჯვებული პარტია. ამიტომ ვართ პარტია, ვისაც აქვს მორალური უფლება გულზე ეწეროს -" მე მიყვარს საქართველო". დღევანდელ მხარდაჭერას "ნაციონალური მოძრაობა" 24 საათიანი მუშაობით, პრობლემების მოგვარებითა და ქვეყნის წინსვლით გადაიხდის.“

ვანო მერაბიშვილი:

“ ჩვენი მიზანია, პოლიტიკური არეალიდან წავშალოთ 90-იანი წლების "დინოზავრები“. სახელისუფლებო გუნდი დაამარცხებს და შეებრძოლება ამ პრობლემას და დაამარცხებს ისევე, როგორც კრიმინალი დაამარცხა საქართველოში. ჩვენგან მეტ სარგებელს მიიღებს ქართული საზოგადოება. ქართული სოფელი იგრძნობს მთავრობის ყურადღებას. აშენდება 500-ზე მეტი საწარმო, შევიძენთ 2000 ტრაქტორს, გავაორმაგებთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ქართულ სოფელში იქნება წყალი, გზა, ინტერნეტი. მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 50 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პოლისით და მიმართა საავადმყოფოს. მათი უმრავლესობა 10-15 წელი არ ყოფილა ექიმთან. ჩვენ გვინდა საქართველო ფიზიკურად ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში და მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა".

გიგი უგულავა:

„მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება უახლეს ისტორიაში და გახდება გამოცდა, თუ რამდენად შეგვწევს ძალა შევინარჩუნოთ განვითარების ტემპი და მიღწევები. თუ წარსულის აჩრდილები შეგვაცდენენ, ეს მომავალი თაობის წინაშე ღალატის ტოლფასი იქნება. ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი აუცილებლად გაუძლებს ამ ცდუნებას, რადგან ჰკითხავს თავს, ვითარდება თუ არა ქვეყანა. ამაზე დადებითი პასუხი კი იმაზე მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ჩვენი მხარდამჭერია.

ადამიანებს არ სურთ წარსულში დაბრუნება. ჩვენი ხალხი არ გაჰყვება მას, ვისაც გრძელი სია აქვს იმისა, რა უნდა დაანგრიოს ჩვენი აშენებულიდან. "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა მოკლედ ასეთია – "არასოდეს დავბრუნდეთ წარსულში, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს, არ დავბრუნდეთ წარსულში და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს".

ადამიანები უფრო უნარიან მმართველობას ითხოვენ და არა წარსულის ჭაობში დაბრუნებას, სადაც კანონიერი ქურდები ბატონობდნენ და იჩაგრებოდნენ, როცა სახელმწიფო მრავალი თვე ვერ გასცემდა ხელფასებს და პენსიებს, სადაც ძარცვა და ყაჩაღობა ყოველდღიურობა იყო. არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ წარსული არ დაბრუნდება. თუ მომავლისთვის არ ვიბრძოლებთ, წარსული აუცილებლად დაბრუნდება. არ ჩავატაროთ ექსპერიმენტი მათ სასარგებლოდ, ვისაც უიმედობის მეტი არაფერი მოუტანია, ვისაც კუთხური აზროვნება აქვს, ვინც ქართლელს ვაშლის გამყიდველად მოიხსენიებს და მეგრელს და სვანს ერთმანეთისგან ასხვავებს. ვინ მოჰყავთ და ვის აბრუნებენ პოლიტიკაში - უმაქნის და სიძულვილით სავსე ადამიანებს. შეუძლებელია, ქვეყანამ ასე გარისკოს.

მათ არ აკლიათ ფული და ფიქრობენ იყიდონ იმედი და ოცნება, რაც არ იყიდება. ბოლო 10 წელია, ვუყურებთ მათ უბადრუკ მცდელობას, ამოეფარონ ლეღვის ფოთოლივით – იმედსა და ოცნებას. ჩემი ოცნებაა, "ვარდების რევოლუცია" გაცილებით ადრე მომხდარიყო, რომ მეტი დრო გვქონოდა აღმშენებლობისთვის. ამიტომ გვეჩქარება სულ, რომ დრო დავკარგეთ, მაგრამ, მთავარია, არასოდეს დავბრუნდეთ უკან. ვიკამათოთ ქვეყნის მომავალზე, მაგრამ ნუ გავურიგდებით მტერს და ნუ დავბრუნდებით წარსულში".

შენიშვნა: გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" ციტატები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100