რუმინეთის პოლიცია გამქრალ სარაკეტო ქობინებს ეძებს
რუმინეთის პოლიციამ დაიწყო რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში გამქრალი იმ 64 სარაკეტო ქობინის ძებნა, რომლებიც დაუდგენელმა პირებმა ბულგარეთიდან მომავალი სატვირთო მატარებლიდან მოიპარეს.
რუმინულ პრესაში დაიწერა, რომ მატარებელი საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, საზღვართან ახლოს გაჩერდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მემანქანის ტვითნებობის გამო მოხდა, რომელიც იქედან 70 ლიტრი დიზელის საწვავის წამოღებას კონტრაბანდულად აპირებდა.
პოლიციის ის ათი ოფიცერი, რომლებსაც შემადგენლობის დაცვა ევალებოდათ, პირველ ვაგონში იყვნენ შეკრებილნი და ტელევიზორს უყურებდნენ მანამ, სანამ მატარებელი ქალაქში თვითნებურად იდგა. სწორედ ამიტომაც, რუმინული მედიის ვარაუდით, ქურდებმა მოახერხეს ქობინების მოხსნაც და შეუმჩნევლად მიმალვაც.
რკინიგზის მოხელეებმა მხოლოდ ბოლო პუნქტში შეამჩნიეს, რომ ყველა ვაგონზე პლომბი წესრიგში არ იყო, რის შემდეგაც გადამოწმება გადაწყვიტეს და აღმოაჩინეს, რომ ქობინები გაქრა.
რუმინეთის პოლიციის მოხელეები კი ამბობენ, რომ ქობინები შეიარაღების მხოლოდ დეტალია და იგი არ იყო შეკრული სარაკეტო სისტემა, ამიტომაც, საფრთხეს არ წარმოადგენს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქურდებმა ქობინები დაანაწევრეს და ჯართში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა ძებნა სწორედ ჯართის ჩამბარებელი პუნქტების მასობრივი შემოწმებით დაიწყეს.
კომენტარი