გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდეს
საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას
ალტერნატივა არ
გააჩნია, - ამის
შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს
მუხათგვერდის ძმათა
სასაფლაოზე განუცხადა,
სადაც აგვისტოს
ომში დაღუპულთა
ხსოვნას პატივი
მთავრობის წევრებთან
ერთად მიაგო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი
ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.
„დღეს 8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.
მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“, - განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის
თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
„ჩვენ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს მოვლენები აღარ განმეორდეს. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ხსოვნის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარი