ღარიბაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.
აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ალ მუშრიფის სასახლეში აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდება. ტახტის მემკვიდრე საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი შეიხ ნაჰიანის სასახლეს ესტუმრება, სადაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალაგზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრისა და „დაბი ჯგუფის“ თავმჯდომარის, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართება.
17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან.
აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.
კომენტარი