დონეცკში წუხელ 11 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა - რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება?
11 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 22 დაიჭრა დონეცკში წუხელ, ტერორისტების მიერ საცხოვრებელი რაიონებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად. დონეცკის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭურვების მოხვედრის შედეგად, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან "გრადიდან" გაუხსნეს ცეცხლი.
"უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა მიიღო გადაწყვეტილება ნოვოაზოვსკიდან უკრაინის სამთავრობო ძალების გამოყვანის თაობაზე", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, ნოვოაზოვსკის გარეუბნებში რუსული ჯავშანტექნიკაა განთავსებული. ხოლოდნოეს დასახლებულ პუნქტში კი "ურაგანის" სისტემების განთავსება დაფიქსირდა.
”ბოევიკები” და რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქების შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ქალაქ ნოვოაზოვსკიზე. ტერორისტებსა და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს შორის კი აქტიური ბრძოლები მიმდინარეობის დონეცკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონეცკის ოლქში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო და ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
"მივიღე გადაწყვეტილება, დონეცკის ოლქში სიტუაციის მკვეთრად გამწვავების გამო, გადავდო სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რამდენადაც მოხდა რუსეთის ჯარის შემოჭრა უკრაინაში. მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინაში ვითარების გამწვავებაზე", - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება.
ფრანსუა ოლანდი: ჩვენი კონტინენტი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის ცივი ომის პერიოდის შემდეგ. საფრანგეთის პოზიცია ასეთია: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი, რომ ორხმრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა მიიღონ. რუსეთმა ეფექტურად უნდა აკონტროლოს თავისი საზღვრები და თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება.
კეტრინ ეშტონი: უკიდურესად შეშფოთებული ვართ მოვლენების ბოლო განვითარებით და იმ ცნობებით, რაც უკრაინაში ხდება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაერო-ს უშიშროების საბჭომ აგრესიად უნდა შეაფასოს. გაერო-მ შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ომია.
"ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობელ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"ეს ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის უსაფრთხოებას რეგიონში. ლიტვა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღეული ძალები, გაიტანოს იარაღი და მოწყობილობები უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან და შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების ნებისმიერი ფორმირების მხარდაჭერა", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შვეიცარიამ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია twitter-ზე ეუთო-ში შვეიცარიის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარემ თომას გრემინგერმა მოიწვია. სხდომაზე უკრიანაში შექმნილი სიტუაცია განიხილება.
კომენტარი