სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალური რუსული ბლოგპოსტი: რატომ მოკვდა ბაღაფში?

“მე შენ დაგიძახე, რადგან შენთვის აუცილებელია ოპერაცია. შენ საჭირო ხარ რევოლუციისათვის. მე მოვიწვიე პროფესორები. მათ თქვეს, რომ ერთ თვეში ფეხზე დადგები. ისინი გელოდებიან. მე უკვე გავეცი ბრძანება".
ბორის პილნიაკი, “Повесть непогашенной луны.”

ვინც ვერ გაიხსენა: ამ სიტყვებით, იოსებ სტალინმა, თავისი თანამებრძოლი ფრუნზე სკალპელის ქვეშ დააწვინა. კომისარი საოპერაციო მაგიდაზევე დარჩა. გაკვეთისას ექიმმა აღმოაჩინა, რომ წყლული დიდი ხანია შეხორცებულიყო. პილნიაკის ვერსიით, ფრუნზეს სიკვდილის მიზეზი ნარკოზის დიდი დოზა იყო, რომელზეც პაციენტს მკვეთრად გამოხატული ალერგია ჰქონდა.”
ასე იწყებს ერთ-ერთი რუსული გამოცემა სტატიას, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებაზეა. ბაღაფშის სიკვდილმა რომ ეჭვები თავიდანვე გააჩინა, ეს ახალი არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, მაინც საინტერესოა რუსულ გამოცემაში დაბეჭდილი ვერსიები, რომელთა არგუმენტირებასა და ფაქტებითა და ისტორიული პარალელებით გამყარებას, ავტორი საგულდაგულოდ ცდილობს. გარდა ამისა, უბრალოდ, საინტერესოა მოვლენების მისეული აღქმა. ამიტომ, ამ მასალას თითქმის სრულად გთავაზობთ.

“მიაქციეთ ყურადღება. ფრუნზე გარდაიცვალა კუჭის წყლულის ოპერაციის შემდეგ, სისხლის მოწამვლით. ითვლება, რომ მისი სიკვდილი არა შემთხვევითი, არამედ სტალინის მიერ ორგანიზებული იყო, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ოპერაციას. ფრუნზეს მოშორებისთვის კი სტალინს მიზეზები ნამდვილად ჰქონდა. საკმარისი იყო მხოლოდ ისიც, რომ ადამიანი, რომელიც ტროცკისთან “საქმის გარჩევის” შემდეგ, ფორმალურად, სტალინის სასარგებლოდ ბალანსის აღსადგენად “აღამაღლეს”, უკვე აღარ იყო საჭირო. მით უმეტეს, თავისი მზარდი გავლენით, რომელსაც მომავალში, შესაძლოა, სტალინისთვისაც კი შეექმნა პრობლემები.
ამიტომაც საჭირო გახდა ბანალური უბედური შემთხვევის ორგანიზება. ფრუნზე პროფესიონალურად მოიშორეს, ლუბლიანკას მეთოდების სრული დაცვით.

რატომ ამოტივტივდა ეს ისტორია და სად განმეორდა ის?

სად და: მაისის ბოლოს, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში გარდაიცვალა სერგეი ბაღაფში.
ოფიციალური მონაცემებით, ის მარჯვენა ფილტვზე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დიაგნოზი - ფილტვების კიბო. იგივე ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ “ოპერაციამ, რომელიც ბაღაფშმა გადაიტანა, გართულებები გამოიწვია. ფილტვი გასკდა და განვითარდა მარჯვენა მხარის პნევმოთორაქსი. პაციენტს უმტყუნეს ფილტვებმა, შემდგომ კი გართულებები სხვა ორგანოებზეც გავრცელდა.”

რით ჰგავს ეს ორი სიკვდილი ერთმანეთს?

აფხაზეთის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან ბჟანიას განცხადებით, “ოპერაციის შემდეგ პრეზიდენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობდა, ადგა კიდეც საწოლიდან. თუმცა შემდგომ, უცბად, ცუდად გახდა და გონება დაკარგა.”
ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ ფილტვის კიბო, ეს არ არის კუჭის წყლული, რომლისგანაც ადამიანები დიდი ხანია აღარ კვდებიან. ცნობილია, - კიბო ვერაგი დაავადებაა. აქ ორი ვარიანტია: ან გადაიტან ოპერაციას, ან ვერა. მესამე შანსი არ არსებობს, თუმცა ბაღაფშის შემთხვევაში სწორედ მესამე ვარიანტს ჰქონდა ადგილი.

არადა, ადამიანმა იცოდა, გრძნობდა. მოსკოვში მკურნალობის პერსპექტივა მას სულაც არ ხიბლავდა. აღმოჩნდა, რომ თავიდან სხვა გზებსაც ეძებდა და გერმანიის საელჩოსთვის ვიზისთვისაც კი მიუმართავს, მაგრამ პატრუშევმა გადაარწმუნა.
ბაღაფშის გარემოცვასა და ახლობლებს, როგორც თავად ამბობენ, სურდათ, ის ისრაელში წასულიყო – ამბობს აფხაზი ექსპერტი და დამოუკიდებელი გაზეთის “ჩეგემსკაია პრავდას’ რედაქტორი ინალ ხაშიგი, - მაგრამ როცა საკითხი წყდებოდა, ბაღაფშს მოსკოვიდან ნიკოლაი პატრუშევმა დაურეკა და 83-ე კლინიკაში მკურნალობა შესთავაზა. სწორედ იქ გაიკეთა თავად პატრუშევმა იგივე ოპერაცია და ძალიან წარმატებულადაც. ახლობელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც წავიდა მოსკოვში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და როგორც აქ ყვებიან, ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ, ბაღაფშმა სახე გაიპარსა, ახლობლებს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მალე გაწერდნენ. მაგრამ უცებ ცუდად გახდა – ფილტვებმა უმტყუნეს. ამბობენ, რომ იმ დღეს რეანიმატოლოგიც კი არ იყო ადგილზე და ცდა მოუხდათ. ასევე ყვებიან, თითქოს, ზოგიერთი ექიმი აფრთხილებდა, რომ ოპერაცია მისთვის არ შეიძლებოდა. მოკლედ, ვერსია, - ექიმების შეცდომა, აქ ყველაზე პოპულარულია – ამბობს ინალ ხაშიგი.

ოფიციალური ვერსიის თანამხმად, ოპერაცია ჩაატარეს ფრანგმა ქირურგმა ჟულბერ მასარმა და რუსმა ნიკოლაი ურაზოვსკიმ და შეაფასეს ის, როგორც წარმატებული. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტს ფილტვებმა უმტყუნეს და იმ დღიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს; შემდეგ დააფიქსირეს გართულებები სხვა შინაგან ორგანოებზე და... ბაღაფში ვეღარ გამოიყვანეს კრიტიკული სიტუაციიდან.

კიბოს დროს ასე არ ხდება. და სხვა ორგანოებზე გართულებები ანუ მეტასტაზები, თუ ასეთი არსებობს ორგანიზმში, ექიმებისათვის მაშინვე, ოპერაციის დროს, გაკვეთისთანავე ხდება ცნობილი. და ექიმები, რომლებიც პატივს სცემენ თავის პროფესიას, ან რაიმე სმენიათ ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ, მეტასტაზების აღმოჩენის შემთხვევაში, ოპერაციას წარმატებულს არ უწოდებენ.
რასაკვირველია, გარდაცვალება თავისთავად ტრაგედიაა. მაგრამ ასეთი მოულოდნელი სიკვდილი ადამიანისა, რომელიც არცთუ უკანასკნელ როლს თამაშობს კრემლის ინტრიგებში, რომელთანაც დაკავშირებულია მოსკოვის გრძელვადიანი გეგმები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა აზრებს აღძრავს. და მაშინვე გახსენდება იმ ადამიანთა ბიოგრაფიები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე კრემლის ესკულაპებს ანდეს.

მაგალითად, გიორგი დიმიტროვის ბიოგრაფია ავიღოთ, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ბულგარეთ-იუგოსლავიის ფედერაციის შექმნას, რითაც საბჭოთა კავშირის მაღალი ეშელონების გულისწყრომა გამოიწვია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის, მოსკოვში ლავრენტი ბერიასთან ერთად ჩამოვიდა, რომელმაც დაარწმუნა ბულგარელი ლიდერი რომ სწორედ აქ უნდა ემკურნალა. ჩამოსვლიდან 2 კვირაში დიმიტროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 1949 წლის 9 ივლისს კი მოსკოვთან ახლოს, ბარვიხში დაიღუპა, სადაც 4 თვის განმავლობაში მკურნალობდა.

საბჭოთა ექიმების დიაგნოზი გულის მეორე ხარისხის უკმარისობა იყო. გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთისა და ბალზამირებისათვის სოფიაში გადაასვენეს. ბულგარელ ექიმებს ცხედართან მიკარების უფლება 5 წლით აუკრძალეს;
ან ავიღოთ ომისშემდგომი პოლონეთის პირველი ლიდერის ბოლესლავ ბერუტის ბიოგრაფია. რომელიც 1956 წელს კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე ჩამოვიდა, გაბედა შეწინააღმდეგებოდა ხრუშჩოვს, მეორე დღეს კი ავად გახდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა და სამშობლოში კუბოთი ჩაიყვანეს;

ან გავიხსენოთ ევროკომუნიზმის “მამები” – პალმირო ტოლიატი და მორის ტორეზი, რომლებმაც გაბედეს და იოცნებეს, მოსკოვისგან მინიმალურად დამოუკიდებელი ევროპული იდეოლოგიური ცენტრი შეექმნათ. მათი მისწრაფება კრემლს არ მოეწონა. შედეგად, ფრანგი მორის ტორესი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა საბჭოთა კავშირში, თბომავალ “ლიტვაზე” დაიღუპა, - როცა იალტაში მიდიოდა. პალმირო ტოლიატიმ კი, იტალიის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა, “არტეკის” დათვალიერებისას გონება დაკარგა და ისიც მალევე გარდაიცვალა;

ან აგოსტინიო ნეტო, ანგოლის პრეზიდენტი, რომელიც 1979 წლის 10 სექტემბერს მოსკოვში ჩატარებული ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ მოკვდა. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში ხუმრობდნენ კიდეც “приехал Нето, уехал брутто;”
ასევე ჩეხოსლოვაკიის პრემიერ-მინისტრი კლემენტ გოტვალდი, რომელიც სტალინის დაკრძალვიდან შეუძლოდ დაბრუნდა. ჯერ გაციებას უჩიოდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი აორტა გაუსკდა და მოკვდა;
რომ აღარაფერი ვთქვათ კაჩინსკიზე.

საერთო ჯამში, არასაჭირო პერსონებთან ურთიერთობის კრემლისეული მდიდარი პრაქტიკა ეჭვებს, თავისთავად, იწვევს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ “ვინ არის მთავარი,” ამის შეხსენება ლუბლიანკაზე კარგად იციან. ასე რომ, მიხვდნენ ისინი, ვინც უნდა მიხვდეს; და მათთვისაც, ვისთვისაც ეს არ არის საჭირო...
მიუხედავად ამისა, მოსკოვს ცრემლების არ სჯერა: მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ უნდა იმოქმედო და იმსახურო კრემლის წესებით. თუ ეჭვი გაქვს, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე და კრემლი ამაზე უკამაყოფილო იქნება, მაინცდამაინც მოსკოვის საავადმყოფოში არ უნდა დაუწვე სკალპელს.

ეჭვების საფუძველი კი ბაღაფშს ზომაზე მეტი ჰქონდა.
დავიწყოთ იმით, რომ ის პრეზიდენტი გახდა 2004 წელს, განმეორებითი არჩევნების შემდეგ, როცა გაცილებით მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე რაულ ხაჯიმბამ, პუტინის აშკარა ფავორიტმა. მოხდა ასეთი გამარჯვება, - კრემლის სურვილების მიუხედავად. აფხაზეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაშინვე დატოვა თანამდებობა. არადა, არჩევნებამდე, პუტინი ხაჯიმბას სოჭში შეხვდა, მმართველმა რუსულმა პარტიამ კი თავისი რჩეულის მხარდამჭერი კონცერტის ჩასატარებლად სოხუმში არტისტები გაგზავნა. მაგრამ მაშინ აფხაზები აბუნტდნენ, რუსეთის საქციელი კი აფხაზეთის საქმეებში პირდაპირ ჩარევად შეაფასეს.

არჩევნები არჩევნებად, მაგრამ მოსკოვში არ ენდობოდნენ შემთხვევით ადამიანს. დასხდნენ და გადაწყვიტეს: პრეზიდენტი, გახდება გამარჯვებული, მაგრამ რეალურად მართავს რაულ ხაჯიმბა, მინსკის “კგბ”-ს სკოლის კურსდამთავრებული. ამიტომ ბაღაფშს მაშინვე წაუყენეს მოთხოვნა - ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტად დაენიშნა და მისთვის ძალოვნების კონტროლი გადაეცა.

მაგრამ ბაღაფშმა საკუთარი წესებით თამაში გადაწყვიტა. კრემლის თანამუნდირელ მეგობარს არ გადასცა ძალოვნების სრულად კონტროლის უფლებამოსილება. ხაჯიმბას ხალხი კი ეტაპობრივად, თავისიანებით შეცვალა. ადეკვატური რეაგირება მოახდინა მოსკოვმა: წარმოიშვა კონფლიქტების ტალღა, მათ შორის “აფხაზური მანდარინების” ხმაურიანი ისტორია. მაგრამ მალე მხარეები შეთანხმდნენ. ჩინოვნიკებმა მეგობრულად გაიყვეს რესპუბლიკის აღდგენისათვის გამოყოფილი ფინანსები. მანდარინებისათვის კი გზები მოიძებნა. ყველა კმაყოფილი დარჩა. და შემდგომ არჩევნებზე კრემლმა უკვე მხარი დაუჭირა ბაღაფშს და არა პუტინის მეგობარ ხაჯიმბას, რომელმაც უცბად ოპონენტის კრიტიკა დაიწყო, არც მეტი, არც ნაკლები, “რუსეთთან ზედმეტი კავშირების” გამო.

ცალკე თემაა ბაღაფშის 2008 წლის აგვისტოს ქმედებები. სამხედროების ზეწოლის მიხედავად, მან შეძლო თავად აეღო კონტროლი და ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოყვანილ სპეცდანიშნულების რაზმებს არ მისცა საშუალება ექსცესები მოეწყოთ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში მოხდა. მაშინ ხომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა 80 ათასმა (ოფიციალური თბილისის მონაცემები) ეთნიკურმა ქართველმა დატოვა საკუთარი სახლები. მან მოახერხა აღეკვეთა წმენდა ეთნიკური ნიშნით. აქ შესაძლოა, თავისი როლი ბაღაფშის ოჯახურმა წრემაც ითამაშა, მას ხომ ცოლად ქართველი ჰყავდა. ამ საქციელით ის უცილობლად გამოიწვევდა იმათ უკმაყოფილებას, ვისაც სურდა დაესაჯა ურჩი ქართველები.

ბაღაფშის წინდახედულობა კრემლის ჩინოვნიკებს გადაჭარბებულად მოეჩვენათ. და როგორც ჩანს მას ეს ღიადაც განუცხადეს, რადგან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მას მოუხდა თავისი ლოიალობა დაემტკიცებინა მოსკოვისათვის და გამოსულიყო “მზარდი ქართული პროპაგანდის” წინააღმდეგ, რაც “ბოლო პერიოდში გაძლიერდა აფხაზეთის მოქალაქეთა ხარჯზე, რომლებიც ხშირად ჩადიან საქართველოში მკურნალობისთვის თუ სავაჭროდ.”

აღმოცენებული კონფლიქტი თითქოს მინელდა. მაგრამ გარკვეული საკითხები მაინც ღიად დარჩა. მაგალითად, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ბაღაფშმა არ უზრუნველყო კანონის მიღება, რომლის თანახმადაც აფხაზებს შეეძლოთ უძრავი ქონება სხვა ქვეყნის, პირველ რიგში კი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეყიდათ.

არასაკმარისად ცდილობდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის კონფლიქტის დროს დაკარგული ქონება დაებრუნებინა.
არ ახორციელებდა ზეწოლას, რომ პარლამეტს ძალიან მოკლე ვადებში მოეხდინა რუსეთის ბაზების აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსების შეთანხმების რატიფიცირება.

დაჟინებით არ ითხოვდა შესრულებულიყო კრემლის დავალება აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის შემცირების შესახებ.
არ მოსპო წინააღმდეგობა, რომელიც საზღვრის დელიმიტაციის საკითხში მოსკოვის გეგმების მიმართ წარმოიქმნა.
“წინ არ გაიხედა,” როცა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის დამტკიცებისას ადგილობრივი ინტერესების სასარგებლოდ უარყოფილ იქნა კრემლის მოთხოვნები.
და ესეც არ არის მთავარი. მთავარია ის, რაზეც არავინ წერდა. არაპოლიტკორექტულ თემას გვერდს უვლიდნენ სოხუმშიც და მოსკოვშიც.

საქმე კი იმაში იყო, რომ მოსკოვის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ბაღაფშის მცდელობა, დაემყარებინა კავშირები თურქეთთან და ჩამოესახლებინა მოჰაჯირთა შთამომავლები. ნაწილობრივ, მან ეს მოახერხა, რამაც კრემლი გააღიზიანა. ლუბლიანკაზე კარგად ესმოდათ, რომ პროთურქული ფრთის გავლენა აფხაზეთის პარლამენტში, ბაღაფშს კრემლის საპირწონედ სჭირდებოდა.
თავიდან ანკარა შეეცადა არ გაემწვავებინა ურთიერთობა თბილისთან და ბაღაფშის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუმცა, მან მაინც მოახერხა აეწყო ურთიერთობები აფხაზეთის თურქულ სათვისტომოსთან, ცოტა ხნის წინ კი მიაღწია იმასაც რომ მიეღო ოფიციალური თურქული ვიზა –“ბიზნეს-ვიზიტისათვის თურქეთში” - როგორც თურქული პრესა წერდა.

საპარლამენტო არჩევნებში მან გაიყვანა რამდენიმე “პროთურქული კანდიდატი.” ქვანახშირს აფხაზეთში სწორედ თურქები მოიპოვებენ, ხოლო სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ხის ძვირფასი ჯიშებიც თურქეთში აფხაზეთიდან გააქვთ, მიუხედავად იმისა, რომ იქვეა სოჭი და ადლერი, ტრაპზონი და სამსუნი კი ზღვის მეორე მხარეს. ბიზნესი აფხაზეთში კრემლის ელიტისთვის ტკბილი ლუკმაა, ამიტომ თურქული კაპიტალის აქტივიზება მას ხელს არ აძლევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თურქეთთან დაახლოების თემა რუსეთისათვის ყველაზე უსიამოვნო იყო. ეს გასაგებიცაა - თურქეთი საქართველოსგან განსხვავებით, შემდგარი, მსოფლიო საზოგადოებაში მჭიდროდ ინტეგრირებული სახელმწიფოა თავისი პოლიტიკითა და ინტერესებით. მათ შორის, ზოგჯერ საკმაოდ ამბიციური გეგმებით კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, სადაც ისტორიულად, ის რუსეთის კონკურენტია. ასეთ ვითარებაში, თურქეთის გავლენის გაძლიერება აფხაზებთან დაახლოების გზით, კრემლის გეგმებში არ შედის.

სწორედ ამ კონტექსტში, ბაღაფშის გადაჭარბებული “ზღვისიქითა” აქტივობა აღიზიანებდა რუსეთს. ნებისმიერი, მათ შორის მოსკოვში დაგეგმილი და სოხუმის მიერ გახმოვანებული განცხადება, რომ აფხაზეთს თავად შესწევს უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს შიდა საკითხები, - “უფროსი ძმის” უშუალო ჩარევის გარეშე, მედიაში ისტერიკას იწვევდა. კრემლში კი ასეთ განცხადებებში ორმაგ, პროთურქული შეფერილობის ინტრიგას ხედავდნენ.

ცოტაა კრემლის უკმაყოფილებისათვის? შესაძლოა კი, ან არა. მაგრამ აფხაზებს საკმარისად ბევრი მიზეზი აქვთ დაეჭვდნენ ბაღაფშის სიკვდილის მიზეზებში.
და ბოლოს: აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები 3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს. კანდიდატები ჯერჯერობით სამია: ანქვაბი - ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი შამბა და ოპოზიციის ლიდერი ხაჯიმბა. ასევე საუბრობენ ბიზნესმენ ბესლან ბუთბაზე.

რუსეთის უმაღლესმა პირებმა, ჟირინოვსკიმ, ზატულინმა, გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად სახელმწიფო დუმის წევრმა, წარმომავლობით გუდაუთელმა ვლადიმერ კოლესნიკოვმა ბაღაფშის გარდაცვალებისთანავე განაცხადეს, რომ აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს “პრორუსული პოლიტიკოსი”. რა გამოდის, ბაღაფში ანტირუსული იყო?

დაკრძალვისას კი განიხილებოდა საკითხები აფხაზური პროექტების შემდგომი ფინანსირებისა. ეს გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ მოსკოვს გადაწყვეტილი ჰქონდა არა მარტო ის, რომ მოეცილებინა ბაღაფში, არამედ მოფიქრებული ჰყავდა მისი შემცვლელიც.
ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევნები ძალიან ცოტას თუ წყვეტს. უფრო სწორად, ფორმალურად ამყარებს კრემლის გადაწყვეტილებას. რას იზამ, როცა არჩევანის გაკეთებაც წინასწარ დაგეგმილი სცენარით უნდა მოხდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100