სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნეტავ მუშა,რომელიც ვარდება არ იყოს 27 წლის და არ იხდიდეს ძმის სწავლის ფულს. არ ჰყავდეს შვილი, ორი შვილი, ფეხმძიმე ცოლი"

ბოლო პერიოდში სამუშაოს შესრულებისას დაღუპული მუშების საგანგაშო სტატისტიკას ფეისბუქზე ემოციური პოსტი მიუძღვნა ბლოგერმა თამარ კაპანაძემ, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„ნეტავ მუშას,რომელიც ვარდება, არ ჰქონდეს სახელი. არ ჰქონდეს სახლი,მისამართი,ოჯახი,ჰობი.
ნეტავ მუშა,რომელიც ვარდება არ იყოს 27 წლის და არ იხდიდეს ძმის სწავლის ფულს.
არ ჰყავდეს შვილი,ორი შვილი,ფეხმძიმე ცოლი.
და არ უნდოდეს ამ ქვეყნიდან სადმე გაქცევა.
ნეტავ მუშას,რომელიც ვარდება არ ჰყავდეს დედა,მოხუცი დედა და მის გამო შავს არ იცვამდეს.
ნეტავ მუშა,რომელიც ვარდება,იყოს მუშა,რომელიც ვარდება,მეორე,მერვე,მეთოთხმეტე,ოცდამესამე
ასე ხომ უფრო ადვილი იქნებოდა?
მხრებს ავიჩეჩდით და ერთმანეთს გადავხედავდით - ნორმებს იცავდა? ნორმებს იცავდნენ?
და ყველა ერთხმად შევთანხმდებოდით - გადმოვარდა მუშა? მუშას არუშავს.“

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან 27 წლის ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კოკა მიქიაშვილია, რომელსაც მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი მუშა დაიღუპა სამუშაოს შესრულებისას, მათ შორის მარტში ბათუმში, აპრილის თვეში ჭიათურასა და თბილისში, შარტავას ქუჩაზე. მაისის თვეში კი, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამავე თვეში, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ოთხი ადამიანი ჩავარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100