სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით, რუსეთში, კერძოდ, მაგადანში, ტელეარხ „კოლიმა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი, ანატოლი ბიტკოვი მოკლეს.

რუსულ წყაროების სცნობებით, ჟურნალისტის ცხედარი საკუთარ ბინაში ნახეს. მკვლელობის ადგილას ექსპერტი კრიმინალისტები მუშაობენ. ბიტკოვი უკვე რამდენიმე წელია მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა, იყო ჟურნალისტთა კავშირის წევრი. არხის გადაცემები ოლქის მასშტაბით ვრცელდებოდა.

მკვლელობის ოფიციალური ვერსია ჯერ არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რუსეთი ჟურნალისტებისათვის უკიდურესად საშიში ქვეყნად რჩება.ისინი ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები და მათი უფლებებიც პერმანენტულად ირღვევა. წლების განმავლობაში გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რუსეთი პრესის წარმომადგენელთათვის საშიშ ქვეყნებს შორის, მედიის წარმომადგენელთა მკვლელობების, მათზე თავდასხმებისა თუ, უბრალოდ, ცენზურის რიცხვით, „მოწინავე“ ადგილს იკავებს.

თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლების დაღუპვის მიზეზი, ძირითადად, ცხელ წერტილებში მუშაობა ხდება, რუსები, ძირითადად, დაქირავებული ქილერების მსხვერპლნი ხდებიან. მკვლელობების უმრავლესობა, როგორც წესი, გაუხსნელი რჩება.

რუსეთში მოკლულ ჟურნალისტთა შორის არიან: ნატალია ესტემიროვა, აბდუმალიქ ახმედილოვი, შაფიჰ ამხაროვი, ნასტასია ბაბუროვა, ანა პოლიტკოვსკაია, ვიაჩესლავ იაროშენკო და მედიის ათეულობით სხვა წარმომადგენელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100