სტრატეგიული განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია ყვარელში
პირველ მაისს, ყვარელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს ფუნქციას საქართველოში განსახორციელებელი ცალკეული ტურისტული და საინვესტიციო პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი წარმოადგენს.
პირველ ეტაპზე, სააგენტოს ძირითადი მიმართულებები კახეთში, იმერეთსა და ლაზიკაში დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია იქნება. სააგენტოს ხელმძღვანელი ივა დავითაიაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთევან ბოჭორიშვილმა, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორმა ივა დავითაიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ ყვარელში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტი განიხილეს.
ქალაქის ცენტრში მასშტაბური კომპლექსის რეკონსტრუქცია იგეგმება. ამ ეტაპზე, სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული შენობა მომავალში ინვესტორს გადაეცემა, რომელიც მის შემდგომ ფუნქციონირებაზე იზრუნებს.
კომპლექსში ერთდროულად განთავსდება სასტუმრო, რესტორანი, ღვინის მარანი, ტურისტული სააგენტო. კახეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, სასტუმრო-კომპლექსი უცხოელი და ქართველი დამსვენებლებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო გასართობ ადგილად უნდა იქცეს.
მშენებლობა სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ძირითადი მიმართულებები ამ ეტაპზე კახეთისა და იმერეთის რეგიონებს მოიცავს.
სარეაბილიტაციო პროექტების არეალის გაფართოვების პარალელურად, სააგენტო სხვა რეგიონების სააღმშენებლო სამუშაოების კოორდინაციასაც განახორციელებს.
წყარო: http://www.economy.ge/
კომენტარი