სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტების მოლოდინში...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი მარცხი იწვნია და „ერთა თასის“ მოგების შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა. ეს თასი ქართველებისთვის ბოლო სამი წელი, ვერავის აერთვა, ახლა კი ალბათ რუმინეთი ჩაიბარებს.
ავსტრალიელ ტიმ ლეინის გაწვრთნილ „ბორჯღალოსნებს“ ეს ხინჯი ალბათ კარგა ხნით ჩარჩებათ გულში, თუმცა ახლა „ერთა თასის“ დაკარგვაზე ჩივილის დრო არ არის - 20 მარტს ხომ ჩვენებს უპრინციპულესი მატჩი ელით მტერ-რუსეთთან!
ბუქარესტულ შეხვედრაში კი მაინც იგრძნობოდა, რომ ქართველებს მოტივაცია აკლდათ - მათ ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, რასაც ვერაფრით ვიტყვით რუმინელებზე, რომლებსაც ბოლო იმედად ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და მერე პლეი-ოფებში ჯახირი დარჩენიათ.
მოკლედ, მასპინძლებს უფრო სჭირდებოდათ ეს გამარჯვება და მიაღწიეს კიდეც საწადელს. 22:10 - ასეთი ანგარიშით იმარჯვეს რუმინელებმა.
ახლა საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მატჩიღა დარჩა - რუსეთს ნეიტრალურ მოედანზე, ტრაპზონში შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილით გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

თანაც, რუსეთთან მოგება ხომ უბრალოდ მოგებაც არ არის - ოკუპანტებთან შეხვედრა, ნებსით თუ უნებლიედ, მხოლოდ სპორტულ ჩარჩოებში ვერაფრით ვერ ჩაეტევა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100