სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სახალხო კრებას“ ჟურნალისტთა ყურადღება მოაკლდა და აპროტესტებს

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში პარტიების მხრიდან აბსურდული თემების გაპროტესტებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ის, რასაც „სახალხო კრება“ დღეს აპროტესტებს, ყურადღებას მიჩვეული ჭირვეული ბავშვის პროტესტს უფრო ჰგავს, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ.

„სახალხო კრებამ“ ჟურნალისტების ყურადღება მოისაკლისა და მათი მხრიდან უყურადღებობაც გააპროტესტა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ ჭრილში გააკეთა, თანაც ისე, რომ ეცადა, არც ჟურნალისტებისთვის დაეწყვიტა გული და არც თვითონ დარჩენილიყო მათი ყურადღების გარეშე.

მოკლედ, „სახალხო კრებაში“, ეტყობა, ბევრი იფიქრეს, როგორ მიექციათ ჟურნალისტების ყურადღება ხელახლა ისე, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური, საბოლოოდ კი ტექსტი შეადგინეს, სადაც ასეთ წინადადებასაც შეხვდებით:

„სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ე.წ. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები უნებლიედ აშუქებენ იმ თემებს, რომლებსაც აქტუალობას ხელისუფლების კარგად დაგეგმილი პიარი სძენს და ეთერშიც უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებისათვის მისაღებ ფიგურებს იწვევენ. მოგმართავთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც მოსახლეობის თვალში დამოუკიდებლობის ნიშანი ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული: ხელისუფლებას ნუ მისცემთ საშუალებას, თქვენი ტრიბუნა საკუთარი სახის შესალამაზებლად გამოიყენოს.“

„სახალხო კრების“ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, როგორ აღიზიანებდათ ჟურნალისტების მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და მათით დაინტერესება მაისის ბოლოს ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციების დროს. როგორც ჩანს, არც ის ახსოვთ, რომ პოლიტიკური პარტია ქმედითი უნდა იყოს, საზოგადოება რომ მისით დაინტერესდეს, „სახალხო კრებას“ კი მაისის გეგმების ჩავარდნის შემდეგ ახალი ჯერაც ვერ მოუფიქრებია. შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოების დაინტერესებაზე რეაგირებენ, დიდად ვერაფრით არიან საინტერესო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100