სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქ კირილს "მძიმე ოთხმოცდაათიანები" და პენტჰაუსი ტაძრის ხედით გაუხსენეს

"ნოვაია გაზეტა" რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი წინამძღოლის "პირადი კაპიტალის" თემას შეეხო. ამ საკითხზე საუბარი გამოცემამ პატრიარქის გამონათქვამებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც ვლადიმერ პუტინის რუსეთის ტრადიციული კონფესიების ლიდერებთან შეხვედრისას გაისმა. როგორც ცნობილია, პატრიარქმა მაშინ რუსული ისტორიის "სიმრუდე" ახსენა, რომელშიც ქვეყანა "უბედურ ოთხმოცდაათიანებში" ჩავარდა და რომელიც, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა "წარმატებით გამოასწორა".

როგორც "ნოვაია გაზეტა" აღნიშნავს, "სწორედ 1990-იან წლებში რუსეთის მართლმადიდებელრი ეკლესიის ხელმძღვანელმა, იმ დროს კი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, სმოლენსკის და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა სიმდიდრე დააგროვა, რამაც მას საბოლოოდ პატრიარქის ტახტი მოუტანა".

გამოცემის მონაცემებით, პატრიარქ კირილის ქონება ზოგიერთი ექსპერტის მიერ 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევის (პატრიარქის საერო სახელი) ბიზნესზე საუბრისას, რომელიც 1992-1994 წლებში დაიწყო, გაზეთი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის სერგეი ბიჩკოვის მიერ შედგენილ "დოსიეს" ეყრდნობა, რომელმაც მომავალი პატრიარქის ძირითადად თამბაქოს ბიზნესის შესახებ ათეულობით სტატია გამოაქვეყნა. მისი არც ერთი პუბლიკაცია ოფიციალურად არ უარყვიათ. თავად პატრიარქმაც აღიარა, რომ ბიჩკოვის მიერ მოძიებული ფაქტები დიდწილად სინამდვილეს შეესაბამება.

"ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევის შემოსავლების ძირითადი წყარო სიგარეტის ბიზნესი გახდა. 1993 წელს მოსკოვის საპატრიარქოს მონაწილეობით ფინანსურ-სავაჭრო ჯგუფი "ნიკა" ჩამოყალიბდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების (რომელსაც მიტროპოლიტი კირილი ხელმძღვანელობდა) კომერციული დირექტორი ვლადიმერ ვერიგა გახდა. ერთი წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან ჰუმანიტარული დახმარების ორი პარალელური კომისია შეიქმნა: პირველი წყვეტდა, რომელი დახმარების გათავისუფლება შეიძლებოდა საგადასახადო აქციზებისგან, ხოლო მეორეს ეს დახმარება საეკლესიო ხაზით შეჰქონდა და კომერციულ სტრუქტურებზე ყიდდა. ამგვარად, გადასახადებისგან გათავისუფლებული დახმარების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი სავაჭრო ქსელის მეშვეობით, ჩვეულებრივი ფასებით ვრცელდებოდა" - წერს გამოცემა.

"ნოვაია გაზეტას" ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში სამთავრობო კომისიის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვით, 1996 წელს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიარდი კოლოფი სიგარეტი შეიტანა. ამან სერიოზული ზარალი მიაყენა იმდროინდელ "თამბაქოს მეფეებს", რომლებიც აქციზის ფასს და გადასახადებს იხდიდნენ და ამიტომ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან კონკურენტულ ბრძოლაში აგებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მათ "შეუკვეთეს" საინფორმაციო კამპანია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ბიზნესის გამოსააშკარავებლად. კირილის თამბაქოს ბიზნესს პიკანტურობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ მართლმადიდებლობაში თამბაქოს მოწევა ცოდვად ითვლება, დამღუპველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. თავად კირილმა ამ ბიზნესში საკუთარი მონაწილეობის გამართლება ამგვარად სცადა: "ადამიანებმა, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები, არ იცოდნენ, რა ექნათ: დაეწვათ ეს სიგარეტები, თუ უკან გაეგზავნათ. ჩვენ მთავრობას მივმართეთ და მან გადაწყვეტილება მიიღო, ეცნო ეს ჰუმანიტარულ ტვირთად და მისი რეალიზების შესაძლებლობა მოეცა". ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, რის შემდეგაც პატრიარქმა ალექსი მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების კომისია გააუქმა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალი კომისია შექმნა, რომელსაც სათავეში ეპისკოპოსი ალექსი (ფროლოვი) ჩაუდგა. ფონდ "ნიკას" პარალელურად, 1990-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ კომერციული ბანკი "პერესვეტი", სააქციო საზოგადოება "საერთაშორისო ეკონომიკური თანამეგობრობა", სააქციო საზოგადოება "თავისუფალი სახალხო ტელევიზია" და რიგი სხვა სტრუქტურები დააარსა. 1996 წლის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელისთვის ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სააქციო საზოგადოება "საერთაშორისო ეკონომიკური თანამეგობრობის" ხაზით ნავთობის ექსპორტი გახდა, რომელიც, ალექსი მეორეს თხოვნით, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალი იყო. მიტროპოლიტ კირილს სააქციო საზოგადოება "საერთაშორისო ეკონომიკურ თანამეგობრობაში" ეპისკოპოსი ვიქტორი (პიანკოვი) წარმოადგენდა, რომელიც ამჟამად აშშ-ში კერძო პირის სტატუსით ცხოვრობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიის ყოველწლიურმა შემოსავალმა 1997 წელს დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო ახლა ძნელია იმის გაგება, აგრძელებს თუ არა კირილი ნავთობის ბიზნესში მონაწილეობას. თუმცა აშშ-ის მიერ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერაყში კირილის მოადგილე, ეპისკოპოსი თეოფანე (აშურკოვი) გაფრინდა" – წერს "ნოვაია გაზეტა".

საინფორმაციო პორტალ "ჩრედო.რუ"-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით კი გამოცემა აღნიშნავს, რომ კირილის ბიზნესსაქმიანობის მესამე მიმდინარეობა ზღვის პროდუქტებია.

"ნოვაია გაზეტა" საკუთარ პუბლიკაციას "ფუფუნების ნიშნების" შეხსენებით ასრულებს, რომლითაც პატრიარქის ცხოვრებაა მოწყობილი – 30 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საათიდან დაწყებული, პირადი თვითმფრინავით, შვეიცარიაში ვილით, დამთავრებული პენტჰაუსით ცნობილ "სახლში სანაპიროზე", საიდანაც ტაძარზე იშლება ხედი. სხვათა შორის, ჟურნალ თჰე Nეწ თიმეს-ის მონაცემებით, 2002 წელს შესყიდული ეს აპარტამენტები ერთადერთი ბინაა მოსკოვში, რომელიც ეკლესიის მსახურზე - გუნდიაევის სახელზეა გაფორმებული.

საინფორმაციო სააგენტო "ივერონი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100