ზვიად გამსახურდიას უმადური თანამოქალაქეები და ერთგული ძმადნაფიცი
გარეშე და შინაური მტრები ზვიად გამსახურდიას ხშირად აბრალებდნენ ეროვნულ და პარტიულ შეუწყნარებლობას . ჯერ იყო და სწორედ მას მიაწერეს ლოზუნგი: „საქართველო ქართველებისთვის“, რომელიც რეალობაში ჭანტურია–როდიონოვის ნააზრევი აღმოჩნდა; მერე დასახვრეტთა სიების შედგენაში სდებდნენ ბრალს კაცს, რომელიც შეაგონებდა თანამემამულეებს: „…თუკი მოყვასი ზარბაზანს გვესვრის, ჩვენ ნუ ავიღებთ მახვილს, სიყვარული შევაგებოთ მის სიძულვილს და ყვავილები ვესროლოთ.“
ხოლო რა იყო სინამდვილეში? ამის გასარკვევად ორი მაგალითიც იკმარებს:
1.პრეზიდენტად არჩევიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ თავის კაბინეტში მიღება გამართა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის. ერთ–ერთ ასეთ დელეგაციას – საქართველოში მცხოვრები რუსების ჯგუფს – წინ მიუძღოდა რუსი საეკლესიო პირი, არქიმანდრიტი რაფაელი. აი, მისი მონათხრობი, შეხვედრის შთაბეჭდილებებზე:
პრეზიდენტმა ძალიან გულთბილად მიგვიღო, ჩემთან ერთად იყვნენ აქაური რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლები: პედაგოგები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები… მასპინძელმა ყველას გამოჰკითხა – რა ულხინთ, რა უჭირთ, ხომ არავის ავიწროვებენ; რით შეუძლია, რომ დაეხმაროს. იმან კი უთხრა, მაგრამ ამათ რა უპასუხეს?! ამათი აზრები სულ მიწიერს უტრიალებდა: საბინაო პრობლემებიდან დაწყებული, პირადი მოხმარების საგნებით დამთავრებული…
არცერთი სათხოვარი კუჭის დონეს არ გასცილებია. განა შეიძლება პრეზიდენტის შეწუხება ამგვარი საკითხებით? გამსახურდია დიდი მოთმინებით და გულისხმიერებით უსმენდა მათ, გულთბილადაც გამოეთხოვა და კეთილი დაპირებებითაც გამოისტუმრა, მაგრამ მე ყურადღებით ვაკვირდებოდი და მისი გამომეტყველება იერსახით მამცნობდა, რომ მას ებრალებოდა ეს პატარა ადამიანები!”
2. 1991 წლის ცნობილი აგვისტოს პუტჩის შემდგომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რათა გაეუქმებინა კომუნისტური პარტია, მის მიერ წარსულსა და უახლოეს აწმყოში (9 აპრილი, ვილნიუსი, ბაქო) ჩადენილ ქმედებათა გამო, რასაც, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა კომუნისტური პარტიის სიით არჩეული დეპუტატების დათხოვნა მაშინდელი საკანონმდებლო ორგანოდან – უზენაესი საბჭოდან.
მაგრამ დახეთ გამსახურდიას – დადგენილების მიღებიდან მეორე დღესვე მან დაიბარა კომუნისტური სიით გასული დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მცირე დარბაზის ტრიბუნიდან დაუყვავა მათ და სთხოვა, პირად ანგარიშსწორებად არ მიეღოთ ეს ნაბიჯი. საგანგებოდ განუმარტა მათ, რომ მან კარგად უწყოდა – ისინი იდეური მარქსისტები კი არ იყვნენ, არამედ პარტბილეთი ჯიბეში პურის წიგნაკის მნიშვნელობით ედოთ და თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოს; და რომ თანხმობის შემთხვევაში არცერთი მათგანი არ დარჩებოდა სახელმწიფო მართვის სადავეებს მოწყვეტილი – რა სამსახურსაც ხელს დაადებთ, იმ სამსახურში ჩაგაყენებთო – დააიმედა ისინი პრეზიდენტმა.
მიღების დღეს ყველა სტუმარმა სიტყვიერად გამოხატა კმაყოფილება, მაგრამ მოგვიანებით არც ნაციონალურ უმცირესობებს და არც ნაკომუნისტართ არ უხსენებიათ მადლიერებით პრეზიდენტთან შეხვედრა; პირიქით, მომავალში მათი უმეტესობა გადაბარგდა იმ ოპოზიციის რიგებში, რომელმაც შევარდნაძეს გაუკვალა გზა საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად.
სამაგიეროდ, იყო ადამიანი და იყო ძმადნაფიცობა, რასაც სხვა ვერაფერი მოერეოდა, თუ არა მთელი მსოფლიოს ღვთისმბრძოლი და ეროვნულობისადმი მტრულად განწყობილ ძალთა ერთობლიობა. ეს გახლდათ კავკასიის თავისუფლებისათვის მისი ერთგული თანამებრძოლი ჯოჰარ დუდაევი. ქვემოთ გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას გროზნოდან გამოგზავნილ წერილს, რომელიც მაშინდელი პუტჩისტური ტერორის ჟამს იატაკქვეშა გაზეთ „ქედში“ დაიბეჭდა:
„აღდგომა ჩეჩნეთში
ჩეჩნეთის მიწაზე ჩვენი სტუმრობის მანძილზე მრავალი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. ერთ–ერთი იყო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ ვნახეთ ამ ხალხის რელიგიური ცხოვრება, რომელსაც ფანატიზმის ნატამალიც არ ეტყობა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია ჩვენს მიერ აღდგომის აღნიშვნაზე. გულისფანცქალით მოველოდით აღდგომას, წითელ პარასკევს. რამდენიმე მეგობარი ჩამოგვივიდა საქართველოდან, ჩამოგვიტანეს პასექი, სააღდგომო კვერცხი. აღდგომა ღამე ხატებთან გავატარეთ, დავანთეთ სანთლები, ვილოცეთ. გროზნოს ეკლესიაში სააღდგომო წირვა შესრულდა.
მოკრძალებული სააღდგომო სუფრა გავშალეთ. ვფიქრობდით, რომ ამ სუფრას, როგორც რიტუალურს, მუსულმანები ითაკილებდნენ. მაგრამ პირიქით მოხდა. როდესაც სუფრას შემოვუსხედით, ერთ–ერთი მასპინძელთაგანი შემოვიდა და ჩვენდა განსაცვიფრებლად შემოგვძახა: „ქრისტე აღსდგა“. „ჭეშმარიტად“ – შევძახეთ ჩვენ და გავმხნევდით. შემდეგ სხვა მუსულმანები შემოგვემატნენ. მობრძანდა თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტიც, ჩეჩენი ხალხის საყვარელი შვილი ბატონი ჯოჰარ დუდაევი.
მე ვისაუბრე სუფრაზე იმის შესახებ, როგორია მუსულმანთა შეხედულება ჩვენს მაცხოვარზე, რომელსაც ისინი დიდ წინასწარმეტყველს ისას უწოდებენ, რომ მთელ რიგ მუსულმანურ ქვეყნებში არსებობს „მარიამ ანეს“, ანუ „დედა მარიამის“ კულტი, რონ ჩვენი წმინდა გიორგი მუსულმანთათვის „ხიზრია“, მძლეთამძლე წმინდანი, რომ სუფისტური მისტიკა ქრისტიანული მისტიკიდან იღებს სათავეს.
სტუმრებმა არ იცოდნენ, რომ ძველ თბილისში, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე რამდენიმე რელიგია თანაარსებობს, მეტეხის ხიდთან 50–იან წლებამდე იდგა დიდი მეჩეთი, სადაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები იყო და დიდი ჯვარცმა. ეს მეჩეთი დაანგრიეს კომუნისტებმა, ისევე, როგორც არაერთი ქრისტიანული სალოცავი. შემდეგ აღვნიშნე, რომ მუსულმანი პოეტების: საადის, ნავოის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებაში ჩანს უდიდესი მოწიწება სახარებისა და ქრისტიანობის დამაარსებლის წინაშე; რომ უდიდესი ქრისტიანი პოეტი ვაჟა–ფშაველა უმღეროდა ქართველებისა და ჩეჩნების ძმობას, რომელთაც რელიგიური მრწამსი არ უშლიდა ხელს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულში („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ–მასპინძელი“), ვისაუბრე ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელიც ადიდებს ჩეჩნების ვაჟკაცობას და მამულისათვის თავდადებას, გვიხატავს შამილის დაუვიწყარ სახეს, გავიხსენე ვაჟას სიტყვები:
„ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა“,
„იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა“.
ალბათ პოეტის ნათელმხილველი სული მომავალს სჭვრეტდა, როცა ამ ნაწარმოებებს ჰქმნიდა.
ხშირად მახსენდება დავით გურამიშვილიც, მაოცებს მსგავსება ჩვენი ბედისა ამ დიდი წინაპრის ბედთან. ისიც უცხოეთში გადახვეწილი, რწმენისა და აღდგომის ნათლით სულდგმულობდა ნოსტალგიით გულგასენილი:
„მოსკოვ ქალაქს მზეს ვეძებდით
და ვერ ვნახეთ აქ სუ დარო
სოლ აღდგომა გვირჩევნია
აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო.
კაპას ქარსა მჭვალი ეკრას
რას გვიშველი ვთქვათ „სუდარო“
შენ განკურნე მწუხარება
აღდგომავ და ქვავ სუდარო!“
„სოლ აღდგომა“ მზე აღდგომას ნიშნავს. („სოლ“ –ლათინურად). ამ განწყობილებიდან ჩანს, რომ დავითი „ქრისტიანულ“ მოსკოვში ნაკლებ თანადგომას და თანაგრძნობას ხედავდა, ვიდრე ჩვენ მუსულმანურ ჩეჩნეთში.
პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა, ქრისტიანთა პატივსაცემად, წლევანდელი აღდგომა მთელ ჩეჩნეთში უქმე დღედ გამოაცხადა.“
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია
(27 აპრილი, 1992 წ. პირველი დღე ბრწყინვალე შვიდეულისა)
კომენტარი