სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.

თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

„2012 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ ადამიანებზე, ამავდროულად, ვიმუშავებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შევამციროთ სიღარიბის დონე და ქალაქში მეტი დასაქმებული გვყავდეს“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრას, ასევე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან კობერიძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან ჯოხაძე ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100