ექსკლუზივი: ქართველი მასონი იხსენებს, როგორ გახდა მასონი და გეგმებზე საუბრობს
რედაქტორისგან: სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სოლომონ ასურელის სახელით (Solomon Asureli) რეგისტრირებული იუზერი კონკრეტული პიროვნებაა, რომელიც ერთ-ერთი ქართველი მასონია. ამ სტატიის ავტორი მას პირადად იცნობს, თუმცა, მისივე სურვილით, ვინაობას არ დაასახელებს. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „დრონი.ჯი“-მ უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი გთავაზობთ ფრაგმენტს სოლომონ ასურელის წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება: მან დიდსულოვნად დაგვრთო ნება, ფრაგმენტი გამოგვექვეყნებინა და ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის შესავალი და ბოლოსიტყვაობაც დაწერა.
ვფიქრობთ, მასონების შესახებ ქართულ ენაზე თითქმის არარსებული ღირებული, რეალობასთან ახლოს მდგომი ლიტერატურის ფონზე, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ერთი ქართველის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მასონი, რა სახის რიტუალს უკავშირდება მასონთა ლოჟის წევრობა და რა გეგმები აქვთ „თავისუფალ კალატოზებს“ საქართველოსთან მიმართებაში:
ჩემი გზა - ჩემი არჩევანია
გადავწყვიტე, ჩემი მომავალი წიგნიდან, რომელიც, როგორც მპირდებიან, მალე იხილავს დღის სინათლეს, მცირე ამონარიდი შემოგთავაზოთ და თქვენი ყურადღება გავამახვილო წიგნის იმ ნაწილზე, სადაც ასახულია ჩემი არჩევანი და ის გზა, რამაც თავისუფალ კალატოზებთან მიმიყვანა.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაც თავის დროზე, ალბათ, იმიტომ დაიწვა, რომ წიგნი, განათლება და აზროვნება, როგორც ჩანს, საშიშია - ცხადია, მათთვის, ვინც ჩარჩოებში ცხოვრობს ანდა სხვას აიძულებს ჩარჩოებში ცხოვრებას.
ნამდვილად ბედნიერება მხვდა წილად, რომ უკვე 5-6 წლის ასაკში 3 ენაზე დავიწყე კითხვა. რა თქმა უნდა, ზღაპრების, საბავშვო ლიტერატურის და სათავგადასავლო რომანების, თუმცა წიგნს კვლავ ახალი წიგნი მოსდევს, აზროვნება ვითარდება და ინდივიდუალური შემეცნების სურვილი უფრო ღრმავდება. "სოლომონ მეფის საბადოები" და "ათასი და ერთი ღამე", "დაკარგული სამოთხე", "80 ათასი ლიე წყლის ქვეშ" და მრავალი სხვა ნაწარმოები სულ უფრო მეტის გაგების და შეცნობის სურვილს გიღვივებს... ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ მერე და მერე უფრო მივხდი, რატომ იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ასეთი მნიშვნელოვანი არა მარტო იმ დროის სინათლის მაძიებელთათვის, არამედ დღესაც მრავალი ჩვენთაგანისთვის.
ღმერთის, შემქნელის, საწყისის გჯერა, გწამს? - გაისმა შეკითხვა, რაზეც პასუხი, შინაგანად, დიდი ხანია მომზადებული, ნაგრძნობი და ერთიანად გამჯდარი მქონდა. რა თქმა უნდა! - როგორ შეიძლება, ვერ ხედავდე არქეს, საწყის ენერგიას, იმპულსსა და ნებას? როგორ შეიძლება, ვერ გრძნობდე ამ ენერგიის არსებობას და ყოველდღიურად მის ყოფნას შენს გვერდით... შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ყურადღებას არ აქცევ და რწმენა შენთვის, უბრალოდ, მოდის შემადგენელი ნაწილია, ავტომატურად, მექანიკურად მისდევ "წეს-ჩვეულებებს", ყანწით ხელში, ხმამაღალი შეძახილებითა და მოწოდებებით.
ღირსება - ვისთვის რა არის, ჩემთვის კი საკუთარი თავის პატივისცემის შეგრძნებაა, საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების დაცვა, სხვისი პატივისცემა, თავშეკავებულობა საკუთარ სიძლიერეში, ნება და სიმტკიცე.
რაც შეეხება ტოლერანტობას - მხოლოდ საკუთარი "მე"-თი ცხოვრება არ არის საკმარისი. სხვისი მოსმენა, განსხვავებულის აღიარება და სხვისი აზრის პატივისცემაა საჭირო, თუნდაც ის საერთოდ არ იყოს მისაღები. საჭიროა ძებნა ახლის, განსხვავებულისა და ჭეშმარიტის... საკუთარ ნაჭუჭიდან გამოსვლა, წარსულის, გამოცდილების პატივისცემა და აღიარება, მომავლის დანახვა და ძიება, მუშაობა, გარჯა, შრომისმოყვარეობა და მოტივაცია.
ინტერესი მასონების მიმართ ყოველთვის მქონდა. ეს ინტერესი არ იყო კონკრეტული მიზანი მათ საძმოში გაწევრიანების, ან, ვთქვათ, მათი გმობის. ეს იყო, უბრალოდ, ინტელექტუალური ინტერესი იმის, რაც შეუცნობელია და რაც ბურუსით არის მოცული. წლების განმავლობაში ვკითხულობდი სხვადასხვა სახის ლიტერატურას, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებზე. სამწუხაროდ, ღირებული ლიტერატურა ქართულად მაშინაც არ არსებობდა.
2003 წელს მომიხდა რამდენიმე მასონთან ურთიერთობა. ესენი იყვნენ ამერიკელი და გერმანელი ძმები. ჩემთან ურთიერთობისას ისინი არც მალავდნენ მასონურ ორდენთან კავშირს, თუმცა ამის ზედმეტ აფიშირებასაც არ ეწეოდნენ ყველგან. გვქონდა ხანგრძლივი და საინტერესო საუბრები, დისკუსიები, იდეათა ურთიერთგაცვლა.
კვიპროსში გავიცანი ინგლისელი მასონები, რომლებიც ყველაზე საინტერესო მოსაუბრენი აღმოჩნდნენ ჩემთვის. მოგვიანებით კი ინგლისში მომიწია ცხოვრება, სწავლა და მუშაობა და სწორედ იქ გავიცანი განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემთვის უდაოდ ავტორიტეტული ძმები და ზოგადად კი მოაზროვნე პიროვნებები არიან. ასევე, ხშირად მიწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მოგზაურობა და იქაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტაქტები გამიჩნდა.
მაგრამ მასონურ საძმოში გაწევრიანება მაინც საფრანგეთში გადავწყვიტე- ტექნიკური და სხვა სახის მომენტები თითქმის უკვე გადაწყვეტილი მქონდა, როდესაც ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. მომესალმა ჩემი მეგობარი და ჩემდა გასაკვირად ასეთი შეკითხვა დამისვა - „მასონებზე რამე თუ იცი?!“ - საფრანგეთში დაგეგმილ გამგზავრებამდე კი რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი. გულახდილად ვუთხარი, რაღაც გამეგება და ვკითხე, რა აინტერესებდა კონკრეტულად.
შევხვდით და ვისაუბრეთ. ზოგადი საუბრის ბოლოს მკითხა, გაწევრიანებაზე რას ფიქრობო?! რატომღაც მიამიტურად შევეცადე მეპასუხა, - აბა, როგორ და სად, საქართველოში ამის პერსპექტივა არ არის-მეთქი. საუბრის დასასრულს კი მითხრა, ამერიკელმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს ლოჟის წევრობა, თან ისე რომ არ მოგვიწიოს ხშირად (თვეში ერთხელ მაინც) მოგზაურობა აშშ-ში. ამის შესაძლებლობა ერთ მეზობელ სახელმწიფოში არისო.
მეც შევხედე თვალებში და დასტური მივეცი...
პირველი ნაბიჯები
მიუხედავად მზაობისა და თეორიული ცოდნისა, ნერვიულობა მატულობდა. მზიანი, მაგრამ სუსხიანი დღე იდგა. რამდენიმე ქართველი, 7-8 კაცი, საღამომდე ერთი პატარა ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით. თან ერთმანეთს ვაგულიანებდით და ჩვენთვის ვფიქრობდით, თუ რა მოხდებოდა საღამოს.
საღამოს შვიდ საათზე კი ჩვენმა გზამკვლევმა ერთ-ერთი ლოჟის კარზე წყნარად დააკაკუნა...
„ყველაფერი გაიხადეთ, მოიხსენით ყველა ძვირფასეულობა და საათი და დაალაგეთ თასზე“ - იყო მითითება ერთი დაბალი, ულვაშებიანი კაცისაგან, რომელიც შავ კოსტუმსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი და თეთრი ხელთათმანები ეცვა, ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი სიმბოლიკით. მას ხელთ საკმაოდ დიდი ხმალი ეპყრა და საერთოდ არ ეტყობოდა რომ ხუმრობდა. ნერვიულად დავიწყეთ მომზადება, თან ერთმანეთს ხშირად თვალებში ვუყურებდით და ვამხნევებდით.
შეგვიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც თითო კანდიდატზე თითო სკამი იყო გამოყოფილი. ამ სკამზე დავინახეთ თეთრი სამოსი, რომელიც პიჟამოს მივამსგავსეთ და შავი თვალსაბურავი. როგორც იქნა ჩავიცვით ეს თეთრი სამოსი, ერთ ფეხზე შარვლის ტოტი აგვიწიეს, შავი თვალსაბურავი გაგვიკეთეს და თავი საკმაოდ უსუსურად ვიგრძენით. მივხვდით, რომ ყველაფერი რაც აქამდე იყო, უნდა შეცვლილიყო.
ერთმანეთის ზურგსუკან ჩაგვამწკვრივეს, თითოეულს მარჯვენა ხელი წინ მდგომის მარჯვენა მხარზე ედო, ჩემს გარდა, რადგან მე პირველი ვიყავი და გზამკვლევისთვის მომიწია ხელის მოკიდება.
აბსოლუტური სიბნელე, რიდი და საკუთარ ფიქრებთან დარჩენა... ლოჟის შიგნიდან გვესმოდა ჰიმნის ხმა, ეს იყო ცნობილი „ვიენა“...
ვცდილობდი, რამე დამენახა თვალახვეულს, მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოდგა, თვალსაბურავი საკმაოდ კარგად ფარავდა მზერას. ვგრძნობდი მხოლოდ ნიავს, რომელიც აკაპიწებულ ფეხზე და მკერდზე მეხებოდა. ამ თეთრ სამოსში, ერთ მხარეს, მკერდთან, იყო სპეციალურად ღიად დატოვებული ადგილი და ეს ნიავი გულს გარედანაც და შიგნიდანაც მიყინავდა...
„მზად არიან?“ - იკითხა ვიღაცამ საკმაოდ დაბალ ხმაზე და შესაბამისი დასტური მიიღო ულვაშებიანი კაცისგან.
მიგვიყვანეს კართან, სადაც ლოჟის შეხვედრა იმართებოდა და გაისმა ხმა - „განგაშია“. ცივმა ოფლმა დამასხა და ვიგრძენი, როგორი დაჭიმული იყო მთელი ჩემი სხეული. შემდეგ თითოეულ ჩვენთაგანთან განმეორდა ერთიდაიგივე გაცნობის პროცედურა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „ესა და ეს ბატონი, სიბნელეში ღარიბი მოგზაური, რომელიც შერჩეული, მიღებული და ნებადართული იქნა პატივცემული ლოჟის მიერ და რომელმაც საკუთარი ნებით გადაწყვეტა შეურთდეს მასონური მისტერიებისა და საიდუმლოს პრივილეგიებს.“
როგორც მივხვდით, ჩვენი მოსვლა ამცნეს პატივსაცემ დიდოსტატსა და ლოჟას. მას შემდეგ, რაც ყველა სათითაოდ წარგვადგინეს, კარს მიღმა გაისმა გასაღების გადატრიალების ხმა, კარი გაიღო და ვიგრძენით თბილი ჰაერი, რომელიც დარბაზიდან გამოვარდა. გზამკლევმა სამი ნაბიჯი გადამადგმევინა და უეცრად გულის მხარეს, მოღეღილ მკერდზე, ვიგრძენი ბასრი წვერის შეხება.
„შემოდი ამ ღრმად პატივცემულ ლოჟაში, სამყაროს დიადი არქიტექტორის სახელითა და რიდით!“
გარკვეული, მოკლე კითხვა-პასუხის შემდეგ ბასრი წვერი მოსცილდა ჩემს მკერდს და სრული სიბნელით მოცულმა ვიგრძენი, თუ როგორ მომკიდა მარჯვენა ხელზე ვიღაცამ ხელი და ნელა, დინჯად შემიძღვა ლოჟაში.
როდესაც ყველამ გაიარა ეს პროცედურა, ისევ მწკრივში დაგვაყენეს და უეცრად გაისმა ხმა :
„შენ არ შეგიძლია გახდე მასონი, თუ არ ხარ თავისუფლებაში დაბადებული, არ გაქვს შესაბამისი ზრდასრული ასაკი და ამიტომ, გეკითხები, ხარ თუ არა თავისუფალი და ხარ თუ არა 21 წლის?!“ ჩემს მარცხნიდან მომესმა „კარნახი“ – „უპასუხე - დიახ“ და მეც ვუპასუხე, ვიგრძენი, რა დიდი ძალა დამჭირდა ამ ერთი სიტყვის ამოსათქმელად.
ვიგრძენი, როგორ დავიძარი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმიყვანეს და მიბრძანეს მუხლზე დავმდგარიყავი. აქ სხვა ხმა მომესმა, სხვა ადამიანის, რომელიც უფრო მკაცრი და ოფიციალური იყო. გარშემო კი უკუნეთი სიბნელე სუფევდა...
„შეგვეწიე, სამყაროს დიადო და უზენაესო მმართველო, ამ მნიშვნელოვან ჟამს და დაგვეხმარე ჩვენც და სიბნელეში ამ მოგზაურსაც, რომელიც ეძებს სინათლეს, რომ იგი გახდეს საძმოს ორდენის ღირსეული და ერთგული წევრი“.
ამას მრავალი შეკითხვა და პასუხი მოჰყვა და თან ეს ყველაფერი რიგ-რიგობით ხდებოდა - სანამ ერთი არ დაასრულებდა, მეორე ელოდებოდა. სულ სამნი ვიყავით.
ფეხი საშინლად დამეჭიმა, კონცენტრაცია მიწევდა იმაზე, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა. „როგორ აპირებს მასონური პრივილეგიების მიღებას“ - დაისვა შეკითხვა, რაზეც ჩემმა გზამკლევმა უპასუხა - „წმინდა კანონის დახმარებითა და კარგი რეპუტაციით“.
გარშემო კი კვლავ სიბნელე იყო.
„ადასტურებ თუ არა, შენი პასუხით და ღირსებით, რომ საკუთარი ნებითა და სურვილით, ყოველგვარი ძალდატანებისა და მატერიალური დოვლათის მოხვეჭის სურვილის ანდა სხვა ამპარტავნებების გარეშე გადაწყვიტე იმოგზაურო სიბნელიდან სინათლის საძებნელად და მასონურ ორდენში გაწევრიანდე?“ – „დიახ“, - ვუპასუხე მე.
მოგზაურობა დაიწყო... კვლავ სიბნელეში... კვლავ მუხლზე დადგომა და დიდოსტატის მკაცრი ხმა.
„მზად ხარ თუ არა აიღო ის დიდი პასუხისმგებლობა და დაიცვა ის პრინციპები, რომელზეც მე ვისაუბრე და დაიცვა და შეინახო ორდენის ყველა საიდუმლო?“ – „დიახ, მზად ვარ“, - იყო ჩემი პასუხი.
რიტუალი ნახევარი საათის მანძილზე გრძელდებოდა და ჩემთვის ეს მთელ საღამოს უდრიდა. ორიენტაცია დაკარგული მქონდა, სიბნელეში, ცალ მუხლზე მდგარი ვგრძნობდი, რომ ვარ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დარბაზი სავსე იყო და ყველა დაკვირვებით მათვალიერებდა. რაც მთავარია, ჩემს მოღეღილ მკერდს კვლავ ბასრი ცივი იარაღის წვერი „ამშვენებდა“, მუხლი მიკანკალებდა და ნერვიულობაც მატულობდა.
ხანგრძლივი შესავლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დასრულებისას, დაიწყეს კანდიდატის ფიცის წაკითხვა, რომელიც მეც უნდა გამემეორებინა სიტყვასიტყვით. ფიცი ზოგადად შეეხებოდა პრინციპების ერთგულებას და ორდენის საიდუმლოს შენახვას, მის არგამჟღავნებას არანაირი ფორმითა და საშუალებით.
„და თუ დავარღვევ მე ჩემს ფიცს, დაე ღირსი ვიყო, გამომჭრან ყელი, ამომაგლიჯონ ენა და ჩემი უღირსი სხეული დაიმარხოს სანაპიროს იმ ნაწილში, სადაც ხშირია წყლისა და ქვიშის მიმოქცევა“.
ამ ბოლო ფრაზამ ცოტა არ იყოს დამავიწყა მუხლის კანკალიც და ბასრი ხმლის წვერიც, სხვა შიშებთან ერთად. დარწმუნებული ვიყავი, რომ „შესაბამისი სტრუქტურები“ ამას არ დაუშვებდნენ და ეს ფიციც საუკუნეების წინ იყო შედგენილი, მაშინ, როდესაც მთელი საძმოს უსაფრთხოება თითოეულის ერთგულებასა და კონფიდენციალურობაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ფიცის ამ ნაწილმა მაინც მოახდინა თავისი ეფექტი.
კვლავ სიბნელე...
დიდოსტატმა დაასრულა გამოსვლა და მიბრძანა, - „ეამბორე წმინდა სამართლის წიგნს“, მე შევყოყმანდი, გუნებაში გამიელვა, თუ რომელი გამოცემა იყო ჩემს წინაშე? ბიბლია? დარბაზი ჩუმად იყო. ბოლოს გადავწყვიტე მეამბორა, რადგან რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს წინ, ის მხოლოდ ჩემს სიმართლესა და ბიბლიისადმი ღრმა რწმენას ასახავდა.
და აი, გაისმა დიდოსტატის მოწოდებაც „დაე გადმოვიდეს სინათლე სიბნელეში მოგზაურზე“. უეცრად მომესმა დაახლოებით ორმოცი ხელის მიერ გამოცემული უცნაური ტაშის მსგავსი ხმა და ამ დროს სინქრონულად ამხადეს შავი თვალსაბურავი. სინათლე თითქოს არა მხოლოდ ვიზუალურად შემოიჭრა, არამედ შინაგანადაც, თუმცა ჯერ ისევ ორიენტაციადაკარგული ვიდექი, რადგან სიბნელეში საკმაოდ დიდი ხანი ვიმყოფებოდი.
ჩუმად და არათვალშისაცემად შევათვალიერე დარბაზი, დავაკვირდი იქ მყოფთ და ნელ-ნელა დავმშვიდდი და რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. მსგავსი გრძნობა აქამე, ალბათ, არც მქონია... სიბნელე გაქრა, სუფევდა მხოლოდ თბილი სინათლე, სხივი და გარშემო ადამიანები, რომლებიც, ვიგრძენი, რომ უცხონი აღარ იყვნენ ჩემთვის.
დიდოსტატმა გააგრძელა - „მას შემდეგ, რაც შენ ფიზიკური სინათლე იხილე, შენს ყურადღებას იმ სამ მნიშვნელოვან სინათლეზე, ლენდმარკზე შევაჩერებ, რასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მასონისთვის.“
მან მიმანიშნა დარბაზის შუაში ამაღლებულ ადგილას მოთავსებულ ბიბლიაზე, რომელზეც ზემოდან ფარგალი და გონიო იდო ყველასთვის კარგად ცნობილი განლაგებით ფორმაში. „საკრალური კანონი არეგულირებს ჩვენ სულიერ მყოფადობასა და განვითარებას, გონიო (სახაზავი) ჩვენს საქმესა და საქციელს ზომავს, ხოლო ფარგალი მოიაზრებს ჩვენს დამოკიდებულებას სხვების მიმართ“.
დიდოსტატმა მომკიდა ხელი, წამომაყენა და განაცხადა: „ადექი, ახლად ინიცირებულო შეგირდო მასონო!“
აი, ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯი... მას მერე ბევრი ახალი და საინტერესო გავიგე, შევიცანი, გავიაზრე და მივხდი, რომ ჩემი არჩევანი მართალი ყოფილა, თუმცა გზა სინათლისკენ გრძელია.
ჩემს არჩევანს, ალბათ, საქართველოში ბევრი ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ბოლო ორი საუკუნე საქართველო რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ბოროტების მანქანის წნეხში იყო. ქვეყანა, საზოგადოება - ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა, ხდებოდა მრავალი დადებითი თვისებისა და ტრადიციის აღმოფხვრა და დეგრადაცია. ქართველი ყოველთვის იყო მშრომელი და ტოლერანტი, კოსმოპოლიტი და სტუმართმოყვარე, თუმცა საბჭოთა პერიოდში ეს თვისებები ნელ-ნელა მოგვიშალეს და აზროვნების შეცვლის გზით ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის განადგურებას ცდილობდნენ.
იმ პერიოდში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალი მასონური ლოჟა ოფიციალურად გამოვიდა ჩრდილიდან, მეტ-ნაკლებად წარუდგა საზოგადოებას, ამცნო ლოჟის შეკრების ადგილი და ოფიცერთა ვინაობა და, თუ შეიძლება ითქვას, „საზოგადოებრივი ურთიერთობები“ განავითარა, ჩვენი ქვეყანა ბოროტებისა და უღმერთობის რკინის ფარდის მიღმა იყო. ამასთან, საქართველოში მასონური ორდენის არსებობა საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად დასრულდა, შემდეგ იყო 90-100 წლიანი პაუზა და ამანაც ასევე იმოქმედა ქართული საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობაზე...
არადა, მეოცე საუკუნის დასაწყისში მრავალი ცნობილი და ღირსეული ქართველი იყო მასონური გილდიის წევრი, მათი უმეტესობა საფრანგეთში გადაიხვეწა და იქ გარდაიცვალა. იქაც ისე ცხოვრობდნენ, როგორც თავისუფალი კალატოზები, შექმნეს ორი ქართული ლოჟა და სამუდამო განსასვენებლი ჰპოვეს ლევილის სასაფლაოზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენში ნაკლებად ეცალათ მასონური ორდენის შესახებ განათლების მისაღებად, ხალხი ლუკმა-პურის შოვნაზე იყო გადასული, მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა ჩვენი საზოგადოების ნაწილი, შეიძლება ითქვას, ზომბირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.
2009 წლის ბოლოდან და განსაკუთრებით კი 2010 წლის დასაწყისიდან რამდენიმე ძმამ, რომლებმაც უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში მივიღეთ ორდენში ინიციაცია, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქართველოში პირველი ლოჟა, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, გავხსენით მასონური კლუბი, რომელიც ახალი წევრებისა და კანდიდატების სამჭედლოდ იქცა.
ყოველთვის ვუხსნით ყველას, რომ ჩვენ არა ვართ არც რელიგიური ორგანიზაცია და არც პოლიტიკური გაერთიანება, არ გვაქვს კავშირი რელიგიასთან და პოლიტიკასთან, როგორც მასონებს. ლოჟაში ეს აკრძალული საკითხებია და არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს. და არც ვინმეს ან რაიმეს არ „ვემსახურებით“. ორდენი არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, მას მხოლოდ შიდა საიდუმლოებები გააჩნია, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციას, ოჯახს თუ პიროვნებას. ჩვენი მიზანია საკუთარი თავის შეცნობა, განვითარება, ადამიანის მორალური და ეთიკური თვისებების წარმოჩინება და განმტკიცება. კარგი ადამიანი, რომელიც უკეთესი ხდება, არის საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, საზოგადოება კი - როგორც ერთიანი ორგანიზმი, სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალაა. ჯანსაღი და განათლებული საზოგადოება ქმნის სტაბილურ და ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც თავისი ფუნქცია, როლი და ამოცანა გააჩნია მსოფლიო, გლობალურ სივრცეში. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი საზოგადოება დეგრადირდება და ქრება.
ვაჟა ფშაველა მეოცე საკუნის დასაწყისში წერდა : ”ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში.“
ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების ნაწილში შეიმჩნევა აგრესიული რიტორიკა, დაპირისიპირების სურვილი, რეაქციული მიდგომა სხვის, განსხვავებულის მიმართ. ვივიწყებთ სიყვარულს, ტოლერანტობას, ურთიერთპატივისცემასა და მოსმენას. სამწუხაროდ, მესმის გარკვეული რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების მიმართ გამოთქმული აგრესიული რიტორიკაც. ეს სიბნელის, გაუნათლებლობისა და პესიმიზმის ნიშნებია.
„ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად“, - რა გონივრული და წინდახედული სიტყვებია და, რაც მთავარია, ვაჟა ამ ყველაფერს ჯერ კიდევ 1905 წელს წერდა...
მასონურ ორდენს „მიზანი“ არ აქვს, მისი არსებობა უკვე მიზანია. თითოეული მასონი ინდივიდულურად ავითარებს საკუთარ თავს და მისი გზა სინათლისკენ ინდივიდუალიზმით არის აღსავსე. ძმები ლოჟაში ერთად იკრიბებიან, საერთო „მუშაობის“ შემდგომ ერთმანეთს აზრებს უცვლიან, საუბრობენ ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, შეუცნობელის წვდომაზე, მათ საუბრებში თქვენ რელიგიურ-პოლიტიკურ თემებს, ეთნიკურ დისკირმინაციას ან ვინმეს (რაიმეს) წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკას ვერ მოისმენთ. ეს არის თავისუფალი, თანასწორი, ძმური ურთიერთობები განათლებული და მოტივირებული ადამიანებისა.
ამ ბოლო ხანებში რამდენიმე ინტერვიუ მქონდა, სადაც ვეცადე ამეხსნა ტექნიკური, სტრუქტურული და ადმინისტრირების მექანიზმები, რომლებიც ჩვენს საძმოს გააჩნია. აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას ამ საკითხებზე. უბრალოდ დავძენ, რომ 2011 წლის ბოლოს საქართველოში გაიხსნება ერთი ან ორი რეგულარული მასონური ლურჯი ლოჟა, 2012 წლისთვის კიდევ ამდენივე, რაც იმავე წლის ბოლოს სუვერენული ქართული დიადი ლოჟის გახსნას შეუწყობს ხელს.
მასონები ვართ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც თქვენ, ძვირფასო მკითხველო, ჩვენი საყოფაცხოვრებო პრობლემებით, აზრებით და მსოფლმხედველობით. ლოჟაში კი ვართ ძმები, თანამოაზრეები და შეიძლება ითქვას, იდეალისტებიც.
ყოველი მასონი საკუთარი კულტურის, ერის და ტრადიციების შვილია. შესაბამისად, ქართველი მასონი ლოჟის გარეთ არის ქართველი, ქართულ ადათებზე აღზრდილი, მორწმუნე ადამიანი. ისევე, როგორც სხვა ერის შვილი, მასონური ორდენის წევრი არის თავისი კულტურისა და სახელმწიფოს ერთგული. ჩვენ საერთო სულისკვეთება გვაერთიანებს, ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, რომ გავხდეთ უკეთესები, განათლებულები და მივუახლოვდეთ სინათლეს, გვქონდეს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.
კიდევ ერთხელ მოწიწებით დავესესხები დიდ ვაჟას და კვლავ მის ციტირებას მოვახდენ: - „კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა”.
რას ხედავთ ამაში ცუდს? ერის და ბერის გაძლიერება სახელმწიფოს გაძლიერებაა, სახელმწიფოს და საზოგადოების გაძლიერება კი მსოფლიოში მშვიდობის, პატივისცემისა და სიყვარულის გაძლიერებაა.
მასონი, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე საკუთარი სახელმწიფოს, სახელმწიფო წყობის და ქვეყნის ხელმძღვანელობის ერთგულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და რა პირადი პოლიტიკური-სახელმწიფოებრივი შეხედულება გააჩნია კონკრეტულ ძმას. სახელმწიფოს უღალატობა და ქვეყნისა და ერის ერთგულება ჩვენი ამოსავალი წერტილია.
ბოლოს დავამატებდი, რომ ჩემი ინტერვიუებით თუ სტატიებით მასონურ ორდენზე სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნით, ამას ინტერესი და წლების განმავლობაში ღირებული ლიტერატურის კითხვა სჭირდება. თუმცა, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრმა ერთი რამ უნდა იცოდეს - მასონი მტერი არ არის, ის საზოგადოების ერთგულია, იცავს სახელმწიფოს ინტერესებსა და ავითარებს საღ აზრს, მოუწოდებს ახალგაზრდებს განათლებისაკენ და მხოლოდ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის მომხრეა.
ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, ჩვენც გამოვალთ იმ ჩრდილიდან, რომლიდანაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ძმები გამოვიდნენ ათწლეულების წინ და მოგვეცემა საშუალება თქვენთან პირადად საუბრისა და დისკუსიის. მანამდე, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ ჩვენი ვინაობა ინკოგნიტოდ დავტოვოთ, თუმცა დასამალი არაფერი გვაქვს, პირიქით, გვსურს გამჭირვალე ურთიერთობა ჩვენს თანამოქალაქეებთან!
კომენტარი