ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება და გაღრმავდება,–ამ სიტყვებით დაიწყო ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ვაჭრობისა და სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის გუშინ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.
„ჩვენი ურთიერთობა ვითარდება სწრაფად და სწორი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გამო. ვხედავთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის შედეგებს. განვიხილეთ საერთაშორისო ვითარება და ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო. არსებობს კარგი შესაძლებლობა ორივე მხარე დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილებები,“–განაცხადა იული ედელშტეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ
კომენტარი