სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახელმწიფო დაცვის სამსახურის იუბილე

თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურის ხელმძღვანელებსა და პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. თქვენ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ და ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას - იცავთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი დღე მიულოცა წვევამდელებსაც, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს და მათ სამშობლოს ღირსეული სამსახური უსურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100