სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატატებს სიტყვით მიმართა.

„არჩევნები შედგა! შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიურლი სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. „მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება! პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამეტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა.

2. გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს. საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს დაამკვიდროს პრობლემურ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და შესთავაზოს ის საკითხები პარლამენტს, რომელიც მისი აზრით უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; ამასთან, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია. „შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ - დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილის აზრით , პარლამენთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს - გამოწვევები კი, შესაძლებლობებად. სრულად უნდა ამუშავდეს ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შეივქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.

3. პრეზიდენტი მმართველ ძალას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და თამამი მოქმედებისაკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს. „დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნიასას ქუთაისში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის. „ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

4. გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიოტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.

5. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში გააკეთა. „ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი გამოწვევა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

6. გიორგი მარგველაშვილი - უნდა შეიქმნას მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს პირველ სხდომაზე მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს თავისუფალი და პლურალისტული მედია განსაზღვრავს. მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. როგორც გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. „ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

7. პრეზიდენტი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება მათი უფლებების აღსადგენად. პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს განიხილოს წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალური პაკეტებით უზრუველყოს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთის მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორეს მხრივ რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში, ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო ხელს აძლევთ. „ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვალავაც რჩება ნასამართლევი. ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

8.გიორგი მარგველაშვილი - ქვეყნის პრიორიტეტად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება დეოკუპაცია რჩება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექტსში წარმოჩენა. „ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

9. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის სხდომის გახსნისას განაცხადა, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

10. საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დიალოგის განახლებას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს. „ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი იყო. გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

11. საქართველოს პრეზიდენტი - განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას და ჩვენი ქვეყანა განათლებული და თავისუფალი საზოგადოებით ერთად გაივლის გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ. „ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100