კონგრესმენების მიერ მოსწავლეების მძევლად აყვანის ცნობამ კაპიტოლიუმის პოლიცია გააოგნა
დღეს კაპიტოლიუმის პოლიცია იძულებული გახდა, სასწარაფო რეაგირება მოეხდინა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ შენობაში მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები იარაღის მუქარით მძევლად აიყვანეს.
განგაში ცრუ აღმოჩნდა და გაირკვა, რომ პოპულარულმა სატირულ-იუმორისტულმა გაზეთმა The Onion - მორიგი ფანდი მოაწყო.
„ტვიტერზე“ განთავსებულ გაზეთის მიკრობლოგზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის მეთაურობით, იარაღის მუქარით მძევლად აიყვანეს სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი, რომლის წევრებიც კონგრესის შენობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ, ინფორმაციის თანახმად, კონგრესმენებმა ბარიკადები ააგეს როტონდოს დარბაზში და გამოსასყიდის სახით 12 მილიონი დოლარი მოითხოვეს. გაზეთმა დაწერა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კონგრესმენები ბავშვების დახოცვით იმუქრებოდნენ.
The Onion-ის იუმორი ადგილობრივ პოლიციაში ვერ აღიქვეს და არამარტო პოლიციელები, არამედ მთელი ამერიკა ააფორიაქეს. კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, კიმბერლი შნაუდერმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და სრული სერიოზულობით განაცხადა: „ჩვენი ყურადღება მიიპყრო სოციალურ ქსელებში ახლახან გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, სადაც აღწერილი ფაქტი აბსოლუტური სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი არ დადასტურდა, გამოძიება დაწყებულია, რათა გაირკვეს არასწორი ინფორმაციის წყარო.
კომენტარი