ick.ge: შსს-მ დაადგინა, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი გახმაურება არ აწყობს.
გიორგი ღვინიაშვილი არ აკონკრეტებს საიდან აქვს რაფალიანცის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. საიდან გავიგე ეს ვერ გეტყვით. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი. ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ღვინიაშვილმა.
2013 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერ– მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იჩქარა, როდესაც გამოძიების დასრულების თარიღი გამოაცხადა.
„ბარბარე რაფალიანცის საქმეზე მე გავაკეთე განმარტება. ეს არის ძალიან მძიმე საქმე. სამწუხაროდ, გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა, 25 დღის განმავლობაში პრაქატიკულად არაფერი არ გაკეთებულა. მე დავინიშნე 30 ოქტომბერს, ეს შემთხვევა მოხდა 30 სექტემბერს, შესაბამისად, გამოძიება მაშინ იქნა შეყვანილი ჩიხში. ამასთან დაკავშირებით ბოდიშიც კი მოვიხადე, რომ მაშინ ვიჩქარე, როცა ვთქვი, რომ ეს გამოძიება დასრულდებოდა და კონკრეტული თარიღიც ვთქვი. ასე რომ თუ გინდათ იგივე გავიმეორო, კი ბატონო, მე არ მერიდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა.
არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, საქმე გამოძიებული არ არის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.
წყარო: http://ick.ge/rubrics/society/16609-i.html#.Uo9PGS1ZhM4
კომენტარი