ცვლილებები სამთავრობო "იმედში" - საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინგა დადიანი ინიშნება
ექსკლუზივი - სამთავრობო ტელეკომპანია "იმედში" ცვლილებები იგეგმება. საინფორმაციო სამსახურის უფროსად პალიტრა მედიის პროდიუსერი, ივანიშვილის ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი თანამშრომელი, ინგა დადიანი ინიშნება.
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედში" ცვლილებები ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი პირდაპირ ეთერში აფრქვევს ქართული ოცნების ნარატივს, ოლიგარქი მაინც უკმაყოფილოა მისი საინფორმაციო პოლიტიკით.
ამიტომ, ოლიგარქმა "იმედში" ჯერ "მეცხრე არხის" ყოფილი დირექტორი ელდარ მდინარაძე მიავლინა, ახლა კი, როგორც ჩანს, საინფორმაციო სამსახურში აპირებს ცვლილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნანა ლეჟავას ჩრდილში გადამისამართება მოუწევს.
ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი ელდარ მდინარაძემ რამდენიმე თვის წინ ჩაანაცვლა. მდინარაძე 90-იან წლებში ივანიშვილის "მე-9 არხის" ხელმძღვანელად მუშაობდა, რომელიც ოლიგარქმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.
ამის შემდეგ, ელდარ მდინარაძე ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე მოეწყო...
"იმედის" ყოფილი დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი კი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ირაკლი რუხაძესთან დაახლოებული პირია და ახლა “ლიბერთი ბანკის” მენეჯმენტში მუშაობს.
თუმცა, ცოტა ხნის წინ რუხაძეს ბრიტანულმა სასამართლოებმა ინა გუდავაძის ოჯახის მიმართ რამდენიმე ასეული მილიონის კომპენსაცია დააკისრეს პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისების გამო.
ამიტომ, მან დახმარება ივანიშვილს სთხოვა, სამაგიეროდ კი, არხი მთლიანად დაუქვემდებარა ოლიგარქის რეჟიმს.
რაც შეეხება იმედის საინფორმაციო სამსახურში მოსალოდნელ ცვლილებებს, ჩვენ ყველაზე რეალურ კანდიდატს, ინგა დადიანს დავუკავშირდით და ვკითხეთ - რა ეტაპზეა მოლაპარაკება...
- ინგა, ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სასამხურის უფროსად ინიშნებით...
- მართლა? პირველად მესმის თქვენგან.
- არ ადასტურებთ?
- ახლა შეხვედრაზე ვარ, უკაცრავად...
- არ ყოფილა საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადახვიდეთ?
- ხომ გითხარით, რომ პირველად მესმით თქვენგან.
მართალია, დადიანი ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს, რომ მალე შესაძლოა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადავიდეს, თუმცა, სამაგიეროდ, "იმედის" ჟურნალისტები აქტიურად საუბრობენ ამის შესახებ და ცვლილებებს ელოდებიან.
კომენტარი