მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალს დღეს, დღის პირველ ნახევარში წარუდგენენ. სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს გოგოჭურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 5 დეკემბერს დააკავეს.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი