სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაახლოებით 16.00 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა (განახლებადი)

მასალა განახლებულია: 19.00 სთ–ზე

დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში მდებარეობდა. მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, უკვე დაზუსტებულია, რომ მიწისძვრას მასობრივი ნგრევა არ მოჰყოლია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნგრევა საერთოდ არ ყოფილა, თუმცა, "ნეტგაზეთი" იუწყება, რომ ამბროლაურში სამი სახლის კედელი ჩამოინგრა.

"ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდაში მინიმუმ სამი სახლის კედელია ჩამონგრეული.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ნიკორწმინდაში დამსვენებელმა მარინა ფხალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სამ სახლში არავინ დაზიანებულა, რადგან სახლში მცხოვრებნი ამ დროს ეზოში იმყოფებოდნენ. "ძლიერი ბიძგები იყო. გარეთ ვიყავით. მიწისძვრის შემდეგ შუქიც გამოირთო," - უთხრა ნეტგაზეთს მარინა ფხალაძემ."

ილიას სახელობის უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის რუკაზე ეპიცენტრი ამბროლაურიდან დასავლეთით, 13 კმ–ის დაშორებით, სოფელ ჭრებალოში დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5. მაგნიტუდა შეადგინა. ცენტრის მონაცემებში ფიგურირებს ასევე ცაგერის რაიონის სოფელი გენდუში, სადაც სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

მომხდარ მიწისძვრას ამბროლაურის რაიონისთვის სერიოზული ზარალი არ მიუყენებია.

ამის შესახებ "პირWელს" რაიონის გამგებელმა კახა ფარჯანაძემ განუცხადა.

"მიწისძვრას სერიოზული ზარალი არ გამოუწვევია, ბზარები მხოლოდ ძველ სახლებს გაუჩნდა. თავიდან მოსახლეობაში პანიკა იყო, მაგრამ ამ დროისთვის რაიონში სიმშვიდეა და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება", - განაცხადა ფარჯანაძემ.

მიწისქვეშა ბიძგები ქვემო სვანეთშიც იგრძნობოდა.

ამის შესახებ "პირWელს" ადგილობრივებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ლენტეხის რაიონსა და მის შემოგარენში არსებულ სოფლებში არც ისე მძლავრი იყო და შედეგად არც ვინმე დაზარალებულა.

რაჭის რეგიონში მიწისქვეშა ბიძგები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქ ცაგერიდან აღმოსავლეთით 16 კმ-ში, სოფელ გენდუშიდან 6 კმ-ში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი 17.55 საათზე დაფიქსირდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, ადგილი აქვს მიწისძვრით გამოწვეულ "ავთერშოკებს", რომლებიც შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მისივე თქმით, აღნიშნული სიმძლავრის მიწისძვრა არამდგრადი შენობების ნგრევას გამოიწვევდა. გოდოლაძემ ასევე აღნიშა, რომ მოსახლეობა მოსალოდნელი ბიძგების შესახებ იფორმირებულია. სეისმოლოგები ადგილობრივებს არამდგრად შენობებში ყოფნას არ ურჩევენ.
რაჭის რეგიონში მიწისქვეშა ბიძგები დღეს უკვე მესამედ დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა პირველი მიწისძვრიდან დაახლოებით 10 წუთში, 16.08 საათზე, ქალაქ ცაგერის აღმოსავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ გენდუშიდან 7 კმ-ში. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგენდა.

მიწისქვეშა ბიძგები სუსტად იგრძნობოდა ბათუმსა და თბილისშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100