სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკო „რუსთავი 2“ სასამართლოში უჩივის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

„სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100