სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას"

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას.

ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.

ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და ნაციონალური მოძრაობა უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.

მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ - დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან! სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე.

ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას.

ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება.

პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა;

ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა;

პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს.

დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია.

მივმართავ მათ, ვინც ამ დანაშაულების დასაფარად გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი:

ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას!

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი - დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ.

სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100