ინტერნეტპორტალი presa.ge ჰაკერის თავდასხმის ობიექტი გახდა: IP მისამართი უკვე დადგენილია...
ქართულ მედიასივრცეში რეიტინგული ინტერნეტპორტალების ლიდერი Presa.ge, რომლის ვიზიტორთა საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი 30.000 ვიზიტორს უტოლდება, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა.
იმის გამო, რომ ინტერპორტალის შიდა წვდომის პარამეტრები მკაცრადაა გასაიდუმლოებული და დაცვის სისტემებითაც აღჭურვილია, ჰაკერმა საიტის „გატეხვა“ ვერ მოახერხა, თუმცა, კიბერშეტევას უშედეგოდ არ ჩაუვლია: ბოლო ორი დღის განმავლობაში პორტალი მომხმარებლისთვის ძნელად იხსნებოდა და ხშირი იყო შეფერხებები.
დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში Presa.ge-მ მკითხველს მომხდარი კიბერშეტევის შესახებ აცნობა და მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული შეფერხების გამო ბოდიშიც მოიხადა.
„პრესა.ჯი“-ს ადმინისტრაციაში ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ჰაკერული მცდელობის ავტორის IP მისამართი უკვე დადგენილია. სტატიაში მითითებულია კონკრეტული მისამართი, რომლის მფლობელის ვინაობას უკვე დაწყებული გამოძიება დაადგენს:
„პრესა.ჯი“-ს ადმინისტრაცია მკითხველს ჰპირდება, რომ მიუხედავად „მონსტრების კორპორაციასთან“ შერკინებისა, პორტალი ძველებურად სამართლიანად, ოპერატიულად და საინტერესოდ მიაწვდის მკითხველს მრავალფეროვან მასალას.
პ.ს.: ვაქვეყნებთ იმ ip მისამართს, რომლიდანაც „პრესა.ჯი“-ს საიტის გატეხვას და დაზიანებას შეეცადნენ. 95.137.178.216 - ამ ip მისამართის მფლობელი ერთ-ერთი ქართული ინტერნეტპროვაიდერული კომპანიის - JSC EGRISI-ს აბონენტია. გამოძიება უკვე დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ინტერნეტ-ხულიგანი პასუხს მთელი სიმკაცრით აგებს“, - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერპორტალი presa.ge ყველაზე პოპულარული პორტალია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალებს შორის და იგი, ამავდროულად, „დრონი.ჯი“-ს პარტნიორი პორტალი გახლავთ. როგორც ჩანს, presa.ge საკმაოდ ბევრს ეჩხირება ყელში...
კომენტარი